ნიკა გილაური: ფონდების ანგარიშების დაყადაღება სისხლის სამართლის საქმის საფუძველზე არის სრული ფარსი – საქართველოში სიკეთის კეთება ვერ აიკრძალება
“ფონდების ანგარიშების დაყადაღება სისხლის სამართლის საქმის საფუძველზე არის სრული ფარსი”, -ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური რამდენიმე ფონდის, მათ შორის მისი ფონდის ანგარიშის დაყადაღებას.
მისივე თქმით, საქართველოში სიკეთის კეთება ვერ აიკრძალება.
დაზარალებულთა მხარდაჭერა, დანაშაული არ არის – ეს არის მოვალეობა ყველა იმ ადამიანის, ვისაც სჯერა ქვეყნის გადარჩენის და მისი ევროპული მომავლის.
ეს ფონდები ბიზნესისა და მოქალაქეების შემოწირულობებით ეხმარებიან პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლებს, უსამართლოდ დაჯარიმებულ და ნაცემ ადამიანებს, ფარავენ მათი მკურნალობისა და წამლის ხარჯებს, თანადგომას უწევენ დაპატიმრებულთა ოჯახებს.
როდესაც სიკეთის კეთებას აიგივებ დანაშაულთან, როდესაც დახმარების ხელის გაწვდენას გაჭირვებულისთვის ასაღებ ქვეყნის მტრობად – საზოგადოების ერთიანობა და ერთმანეთის გვერდში დგომა ხდება უფრო და უფრო ძლიერი!
საქართველოში სიკეთის კეთება, გასაჭირში მყოფთა გვერდში დგომა, უსამართლოდ დაჩაგრულთა დახმარება ვერ აიკრძალება!”,- წერს გილაური.