“აშშ-ს ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა, ეს, გარკვეულწილად, ნიშნავს იმას, რომ ისინი სწორედ ამჟამინდელ ხელისუფლებას განიხილავენ იმ ხელისუფლებად, რომელსაც უნდა ელაპარაკონ” – ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, რობინ დანიგანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრას ეხმაურება. როგორც ანჯაფარიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრა ელჩის პირადი ინიციატივით ვერ შედგებოდა, მას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ნებართვა და ვიზირება აუცილებლად უნდა ჰქონოდა.

“აშშ-ს ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. თავად ეს ფაქტი საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ ის სწორედ ამ ხელისუფლების წარმომადგენელს შეხვდა. ცალკეული ჯგუფები, განსაკუთრებით ოპოზიციიდან ამბობენ, რომ ეს შეხვედრა ხელისუფლების ლეგიტიმაციას არ ნიშნავს და ა.შ. მე კონტრ შეკითხვას დავსვამდი, საერთოდ, ამერიკის შეერთებული შტატები თუ რომელიმე ქვეყანაში არჩევნების შედეგებს არ ცნობს, ისინი ამის თაობაზე მყისიერად აცხადებენ, არაერთი მაგალითია, როცა სახელმწიფო დეპარტამენტი გამოსულა და პირდაპირ უთქვამს, ჩვენ არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებთო, ეს რამდენიმე ქვეყანასთან მიმართებით მოხდა. ახლა, რადგანაც აშშ-ს ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა, შეიძლება ტერმინი “აღიარება” არ ვიხმაროთ, მაგრამ ეს, გარკვეულწილად, ნიშნავს იმას, რომ ისინი სწორედ ამჟამინდელ ხელისუფლებას განიხილავენ იმ ხელისუფლებად, რომელსაც უნდა ელაპარაკონ. ახლა ეს ფაქტი ვისაც როგორც უნდა, ისე გაიგოს. ჩემთვის, პირადად, ეს ერთი ნაბიჯია ლეგიტიმაციისა. თუმცა, ჩვენ გვახსოვს, ვიდრე ადმინისტრაცია შეიცვლებოდა, საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ საელჩოს როგორი დამოკიდებულება ჰქონდა, რა განცხადებებს აკეთებდა იგივე ელჩი დანიგანი. მისი მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრა ელჩის პირადი ინიციატივით ვერ შედგებოდა, მას სახელმწიფო დეპარტამენტის ნებართვა და ვიზირება აუცილებლად უნდა ჰქონოდა. ესეც გასათვალისწინებელია. ასე რომ, დაველოდოთ მოვლენებს.

რაც შეეხება იმას, თუ რა მოთხოვნები შეიძლებოდა, გაჟღერებულიყო: ჩვენ ამას, ალბათ, უახლოეს მომავალში გავიგებთ, რადგან ეს მოთხოვნები საქართველოს ხელისუფლებას საგარეო საქმეთა მინისტრის ხელით გადაეცა, სავარაუდოდ, მათზე პასუხი უნდა გაეცეს და ვფიქრობ, რომ ეს პასუხი არ დაახანებს, რადგან საქართველოს ხელისუფლების ინტერესებშია, აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა რაც შეიძლება მალე მოხდეს. ეს მოთხოვნები შეიძლება, ყოფილიყო ის, რომ აშშ-ს სურს, საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური ორიენტირები გაიგოს, რათა დარწმუნებული იყოს იმაში, რომ საქართველო რეგიონში აშშ-ს სტრატეგიულ, ერთგულ მოკავშირეს წარმოადგენს; კავშირები, რაც, ვთქვათ, ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლებას ჩინეთს და ირანს შორის შეიმჩნეოდა, აქ მეტი სიცხადე იყოს შეტანილი – თუ რას ნიშნავს ეს და შესაძლოა, ამ კუთხით რაღაცა კორექტირება მოხდეს. გარდა ამისა, არ გამოვრიცხავ, არც იმას, რომ ნაწილობრივ გადმოტანილი იყოს ის ნარატივი, რაც ბაიდენის ადმინისტრაციისგან საქართველოს ხელისუფლებას მემკვიდრეობით ერგო. ვნახეთ, რომ ოპოზიციის ლობისტურმა ჯგუფებმა აქტიურად დაიწყეს მუშაობა. აგერ სულ ახალი ინფორმაცია არის, რომ ექსპრემიერმა გილაურმა სპეციალურად ლობისტური კამპანია დაიქირავა. რას აკეთებს “ქართული ოცნება”, მე არ ვიცი, არადა ახლა არის სწორედ ის დრო, რომ აქტიურად იმუშაოს აშშ-ს ახალ ხელისუფლებასთან, რათა ხელისუფლების განზრახვებზე, თუ რას აპირებს ის როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკის კუთხით, ინფორმაცია მიიტანოს. შესაბამისად, ახლა ყველაზე უფრო კრიტიკული მომენტია, თუ რომელი მხარე უფრო წარმატებული აღმოჩნდება აშშ-ს ადმინისტრაციაში შესაბამისი აღქმების ჩამოსაყალიბებლად”- განაცხადა ანჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები