ვლადიმერ ბოჟაძე საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებულ სანქციებზე: როგორც ჩანს, ეს სიები შედგენილია არა ბალტიისპირეთში, არამედ საქართველოში და რადიკალური ოპოზიცია უგზავნის მათ სიებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებულ სანქციებს აფასებს.
მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება არანაირი სანქციებით და ზეწოლით არ შეცვლის საკუთარ პოლიტიკას.
„როგორც ჩანს, ეს სიები შედგენილია არა ბალტიისპირეთში, არამედ საქართველოში და რადიკალური ოპოზიცია უგზავნის მათ სიებს, რომლებიც მერე უნდა გამოიყენებოდეს სანქციებისთვის. თუმცა, თქვენ იცით, რომ არანაირი სანქციებით და ზეწოლით არ შევცვლით ჩვენს პოლიტიკას. ჩვენ შევინარჩუნებთ ქვეყანაში მშვიდობას და სტაბილურობას და გავაგრძელებთ ჩვენი სახელმწიფოს და ხალხის ინტერესების დაცვას“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
ცნობისთვის, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც კიდევ 55 ქართველს ქვეყანაში შესვლა აეკრძალა.