აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია პალესტინურ მოძრაობა „ჰამასთან“ ფარულ პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი Axios წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მოლაპარაკებების თემა ამერიკის მოქალაქეობის მქონე მძევლების გათავისუფლება და ღაზის სექტორში კონფლიქტის დასრულების უფრო ფართო შეთანხმების მიღწევაა.
აღნიშნულია, რომ მოლაპარაკებებს შეერთებული შტატების სახელით პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი მძევლების საკითხებში ადამ ბელერი აწარმოებს.
ბოლო კვირების განმავლობაში, დოჰაში, მასსა და „ჰამასის“ წარმომადგენლებს შორის შეხვედრები გაიმართა.
„ტრამპის ადმინისტრაცია „ჰამასთან“ პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს… მოლაპარაკებები… უპრეცედენტოა. აშშ-ს „ჰამასთან“ პირდაპირი კონტაქტი აქამდე არასდროს ჰქონია“, – წერს გამოცემა Axios.
გარდა ამისა, ნათქვამია, რომ შეერთებულმა შტატებმა მოლაპარაკებების საკითხზე კონსულტაციები ისრაელთან გამართა, თუმცა ისრაელმა მათი დეტალები სხვა წყაროებიდან შეიტყო.
პორტალი განმარტავს, რომ შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული.