მარიამ ქვრივიშვილი: ავიაკომპანია EasyJet-ი გამოიყენებს ყველა პლატფორმას, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ზრდას

ბრიტანულმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია easyJet-მა, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას 31 მარტიდან დაიწყებს და ფრენებს ლონდონის, ჟენევასა და მილანის მიმართულებით ჯამურად კვირაში 6 სიხშირით შეასრულებს, საბორტო ჟურნალში Traveller-ი საქართველოს დედაქალაქის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა სათაურით – “10 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიყვარო თბილისი“.

როგორც სტატია მოგზაურობის მოყვარულებს საინტერესო ინფორმაციას აწვდის ქართულ სამზარეულოზე, კულტურასა და ღვინოზე. მასში ასევე საუბარია საქართველოზე, როგორც ღვინის სამშობლოზე, სადაც ქვევრში ღვინის დამზადების კულტურა 8 ათას წელს ითვლის.

„ავიაკომპანიასთან ერთად, დაგეგმილი გვაქვს არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება და აქტივობა, რაც საქართველოს ცნობადობის ზრდას განაპირობებს და სტიმულს მისცემს ტურისტული ნაკადების შემოდინებას. ავიაკომპანია, თავის მხრივ, გამოიყენებს ყველა პლატფორმას, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ზრდას,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.

ავიაკომპანია ლონდონიდან, მილანიდან და ჟენევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს მიმდინარე წლის მარტის ბოლოდან დაიწყებს. მინისტრის მოადგილის თქმით, easyJet-ის შემოსვლა საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია და ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას აღნიშნული ქვეყნებიდან.

„სახელმწიფო განაგრძობს საქართველოს პოპულარიზაციას სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებში იმისთვის, რომ ტურიზმის ინდუსტრიამ განაგრძოს მდგრადი და დივერსიფიცირებული განვითარება,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

„საქართველოს დედაქალაქი პოპულარობის ზენიტშია. თბილისი მომნუსხველი ქალაქია, სადაც ქვაფენილიანი ქუჩები და ქალაქის ისტორიული ცენტრი მის მრავალსაუკუნოვან ისტორიას უსვამს ხაზს. ქალაქი გარშემორტყმულია გორაკებით, რომელიც არაერთ თავგადასავალს გთავაზობთ. აი, მიზეზები, რატომაც თბილისი 2025 წელს ჩვენს სიაში მოხვდა. მისი არსებობის მანძილზე რამდენიმე დიდი სახელმწიფოს მიერ დაპყრობილი დედაქალაქის არქიტექტურა ეკლექტური და ჭრელია. აქ ნახავთ ყველაფერს, დაწყებული მონუმენტური საბჭოური შენობებიდან, როგორიცაა ქორწინების სასახლე, დასრულებული პარიზული და იმავდროულად ოსმანური სტილის რუსთაველის პროსპექტით,“- წერს გამოცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები