მიხეილ ყაველაშვილი: ბატონი საშა ჩივაძე ჩვენი ნაკრების მწვრთნელი იყო ძალიან რთულ წლებში და მუდამ თითოეული ფეხბურთელის მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნავდა
“დღეს ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელისა და მწვრთნელის, ალექსანდრე ჩივაძის 70 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, თბილისის მერ კახი კალაძესთან, ვეტერან ფეხბურთელებთან და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, შესაძლებლობა მომეცა, პირადად მიმელოცა მისთვის იუბილე”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“მართლაც შთამბეჭდავი კარიერა ჰქონდა ბატონ ალექსანდრე ჩივაძეს. ჩემთვის, როგორც ყოფილი ფეხბურთელისთვის, ის და მისი თაობის ფეხბურთელები შთაგონების წყარო იყვნენ, რომლებმაც შეგვაყვარეს სპორტის ეს სახეობა. ჩვენ, სწორედ საშა ჩივაძის, დავით ყიფიანის, მანუჩარ მაჩაიძის, ვლადიმერ გუცაევისა და სხვა დიდი ფეხბურთელების მაგალითზე ვიზრდებოდით.
ბატონი საშა ჩვენი ნაკრების მწვრთნელი იყო ძალიან რთულ წლებში და მუდამ თითოეული ფეხბურთელის მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნავდა.
ბატონო ალექსანდრე, დიდ მადლობას გიხდით ყველა იმ ემოციისა და სიხარულისთვის, რასაც თითოეულ ქომაგსა და ახალგაზრდა ფეხბურთელებს ანიჭებდით. თქვენ მაშინაც და დღესაც ახალგაზრდა თაობის შთაგონების წყარო იყავით და ხართ.
სწორედ ამიტომ, გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი ბრძანდებით.
ბატონო საშა, კიდევ ერთხელ გილოცავთ 70 წლის იუბილეს. გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობასა და მხნეობას”, – წერს მიხეილ ყაველაშვილი.