„შთაგონებას ბუნება მაძლევს და რჩევებსაც ბუნებისგან ვიღებ“ – გიგი კაპანაძის იმერული სოფელი და შთამბეჭდავი პეიზაჟები

ხატავს ბავშვობიდან. მის ფერწერულ პეიზაჟებში ცოცხლდება იმერეთის სოფელი, სამყარო, რომელიც ბავშვობასავით მარადიულია. ხატვის სიყვარულმა და ბუნებამ შთააგონა, ინდივიდუალური ხელწერით გამორჩეული სოფლის სერია შეექმნა.
ამბობს, რომ დიდი ხელოვნება სიყვარულით იქმნება. მისი ნახატებიც მაღალ ოსტატობასთან ერთად ამ სიყვარულის გამოხატულებაა. –  მხატვარ გიგი კაპანაძის პერსონა. 
– ბავშვობა სოფელ ნავარძეთში გაატარეთ, დაწერეთ კიდეც – ბავშვობა შემიყვარდა და ეს სიყვარული მომყვებაო… რა იყო დასამახსოვრებელი ბავშვობიდან?
– არდადეგებზე მთლიან დროს ზემო იმერეთის სოფელ ნავარძეთში ვატარებდი,  სოფლისადმი  ჩემი სიყვარულიც აქედან დაიწყო.
ბავშვობაში ყველაზე დასამახსოვრებელი სილაღე და სუფთა ემოციები იყო, რასაც, ვცდილობ, ყოველთვის შევინარჩუნო.
– ხატვა როდის დაიწყეთ? პირველი ნახატები…
– ხატვა ბაღის ასაკიდან დავიწყე. როგორც ბავშვების უმეტესობას, მეც მიყვარდა ხატვა, თუმცა ჩემთვის ეს სიყვარული მთელი ცხოვრება გაგრძელდა და უფრო გაღრმავდა.– თქვენი ნამუშევრები პოეტურია… შთაგონებას რა გაძლევთ – პოეზია, რაიმე შთაბეჭდილება, მუსიკა… თუ სხვა რამ?
– როცა დრო და საშუალება მაქვს, ყოველთვის ვხატავ. შთაგონებას ბუნება მაძლევს და რჩევებსაც ბუნებისგან ვიღებ, ბუნებაში პოეზიაც და მუსიკაც ჭარბად არის.
– „ჩემი და გალას მთვარე“  – „ღამე ზემო იმერეთში“ გალაკტიონის ლექსის მიხედვით დაიხატა?
– ღამე ზემო იმერეთში ზემო იმერეთის შთაგონებით დაიხატა, როცა დავასრულე ნახატი, მივხვდი, რომ რაღაც საერთო ჰქონდა გალას მთვარესთან, ასე ვიგრძენი.

„თელა“

– „ბებიაჩემი“,  „თომა“, „ღამე ზემო იმერეთში“, „ნავარძეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი“, „შავი ყორანი“,  „სასიმინდე“, ჭურის რეცხვა“…  ფერწერულ პეიზაჟებში იმერეთის სუნთქვა იგრძნობა. რომელ ნახატს გამოარჩევდით საინტერესო ისტორიით…
– რთულია, რომელიმე ნახატი გამოვარჩიო, ყველას თავისი ინდივიდუალური ემოცია აქვს.
–  რას ნიშნავს ხატვა/ხელოვნება თქვენთვის?
ვფიქრობ, ხელოვნება ადამიანს ჰაერივით სჭირდება, რომ იცხოვროს და არ იარსებოს.
– იმერეთის პეიზაჟები ერთი რკალია…  ამჟამად რაზე მუშაობთ?
ამ ეტაპზე ვფიქრობ, რამდენიმე ტილო კიდევ მაქვს ზემო იმერეთზე შესაქმნელი, რომ ეს სერია უფრო სრულყოფილი გახდეს, რაც შეეხება შემდგომ ეტაპს, წინასწარ არ მაქვს დაგეგმილი, რა თემატიკაზე გავაგრძელებ მუშაობას.

„თომა“

– როგორ იქმნება ზოგადად დიდი შემოქმედება?
– დიდი შემოქმედება ჩემთვის მარტოობაში, სიჩუმესა და სიფხიზლეში იქმნება. განაპირობებს სიყვარული, თუ სიყვარული არ აქვს ადამიანს, დიდს ვერაფერს შექმნის.
– ჰობი…
– თითქმის  სპორტის ყველა სახეობა მიყვარს, განსაკუთრებით კალათბურთი.

ბებიის პორტრეტი

– ოჯახი…
– მყავს მშობლები, და-ძმა, მამაჩემი ადრეულ პერიოდში ხატავდა, რამდენიმე ხატიც აქვს დაწერილი, მამაჩემის ხაზმა ჩემს მხატვრულ განვითარებაში და ამ საქმის სიყვარულში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
– გამოფენები… სამომავლო გეგმები…
მქონდა ერთი პერსონალური გამოფენა ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში და რამდენიმე ჯგუფური გამოფენა თბილისში. ახლო მომავალში  თბილისში პერსონალურ გამოფენას ვგეგმავ.

„შავი ყორანი“
„ჭურის რეცხვა“

 

                                                                                                              თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები