CNN: აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინმა, შესაძლოა, უკრაინის წინააღმდეგ ომში მიზნები შეცვალა
“ამერიკული დაზვერვის მონაცემებით, რუსი დიქტატორი ვლადიმერ პუტინი შესაძლოა უკრაინის წინააღმდეგ ომში ყურადღებას მოკლევადიან მიზნებზე ამახვილებს”,- ამის შესახებ CNN-ი წერს.
აშშ-ისა და დასავლელი ჩინოვნიკების მიერ განხილული ახალი სადაზვერვო მონაცემები მიუთითებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, შესაძლოა, უკრაინის ომში თავისი ყურადღება მოკლევადიან მიზნებზე გადაიტანა, რაც მის მიერ დაკავებული ტერიტორიების განმტკიცებას და ქვეყნის გაჭირვებული ეკონომიკის გაძლიერებას გულისხმობს.
ადრე, აშშ-სა და დასავლური დაზვერვის მონაცემებით, პუტინი თვლიდა, რომ ფრონტზე სიტუაცია მის სასარგებლოდ ვითარდებოდა, რომ მას ჰქონდა იმპულსი და საკმარისი ადამიანური რესურსები უკრაინის წინააღმდეგ ხანგრძლივი ომის წარმოებისთვის და მთელი ქვეყნის დასაპყრობად.
როგორც მედია იუწყება, აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირები სკეპტიკურად არიან განწყობილნი პუტინის და მისი განცხადებების მიმართ, რომ მას სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა სურს.
ტრამპის ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული ზეწოლა, ახალი სანქციებით მუქარა და რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ ბრძოლა, პუტინს პოტენციურად რთულ მდგომარეობაში აყენებს.
„ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას შესთავაზებს აშშ, რათა მან არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით გამარჯვება გამოაცხადოს, არამედ იგრძნოს, რომ მან მიაღწია ისეთ რამეს, რაც მნიშვნელოვან პაუზას იმსახურებს და შესაძლოა, მოგვიანებით ბრძოლა განაახლოს“, – განაცხადა ოფიციალურმა პირმა.