დავით ვერავა მარტვილში, სკოლის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო
„მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა ხუნწში საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერთან თორნიკე ჯანაშიასთან ერთად გაეცნო” – ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს სკოლის შიდა და გარე სივრცის სტანდარტების შესაბამისად მოწყობას.
„ადრე არსებული სკოლა ავარიული იყო და საფრთხე ექმნებოდა ბავშვების უსაფრთხოებას. მარტვილში განათლების სამინისტრო, ასევე აშენებს სოფელ ტალერის სკოლას, ჩვენ გასულ წელს ამავე მუნიციპალიტეტში დავასრულეთ 4 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია და ეს პროცესი აქტიურად გაგრძელდება” – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ.
„პროექტის ფარგლებში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა შენდება. პროექტი ითვალისწინებს საკლასო ოთახების, ლაბორატორიის, ბიბლიოთეკის, სამასწავლებლოს, ექიმის კაბინეტის, რეკრეაციული სივრცის და ღობის მოწყობას. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
საჯარო სკოლის პროექტირება/მშენებლობის სამუშაოების ბიუჯეტი 1 192 079 ლარს შეადგენს.
პროექტი სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაკვეთით ხორციელდება” – ნათქვამია ინფორმაციაში.