“ვიწყებთ პროექტს “მშვიდობის ხე”, რომლის ფარგლებშიც თბილისის და რეგიონების სკოლის მოსწავლეები იმ ღონისძიებაში დამეგობრდებიან, რასაც ხეების დარგვა ჰქვია” – არასამთავრობო ორგანიზაცია „მსოფლიო ჩემი ოჯახია“
არასამთავრობო ორგანიზაცია „მსოფლიო ჩემი ოჯახია“ იწყებს პროექტს “მშვიდობის ხე”, რომელიც გამწვანების აქციებს და მასში სკოლის მოსწავლეების ჩართულობას ითვალისწინებს. ამის შესახებ ორგანიზაციის დამფუძნებლებმა: ივანე გულუაშვილმა, მუსიკოსმა გია ნიკოლაძემ და პოეტმა, გაგა გომართელმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადეს.
“ეს პროექტი რწმენას და სიყვარულს ემსახურება. გვინდა, რომ მოსწავლეებმა, ახალგაზრდებმა ერთმანეთი სამშობლოსთვის საკეთილდღეო საქმიანობაში გაიცნონ. ვაპირებთ შემდეგს: თბილისის ერთ-ერთი სკოლის მე-12 კლასის ბავშვები, ყვარლის ერთ-ერთი სკოლის მე-12 კლასის ბავშვებთან იმ ღონისძიებაში დამეგობრდნენ, რასაც ხეების დარგვა ჰქვია. ეს ბავშვები ჩამოვლენ, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე კორომი გაშენდება, რომელსაც პროექტის სახელით “მშვიდობის ხე” ერქმევა. ბავშვებში სამშობლოზე ზრუნვა, სამშობლოს სიყვარული უნდა იყოს, ერთმანეთს კარგ საქმეში რომ გაიცნობენ, ერთად კარგი საქმის კეთების ძალას რომ დაინახავენ, ამ ყველაფერს შემდეგ სხვანაირად შეხედავენ. ამ პროექტის დედააზრია ის, რომ ბავშვებს მშვიდობა უნდათ. პროექტი აპოლიტიკურია. ეს არა მარტო ერთჯერად პროექტად გვესახება, არამედ სურვილი გვაქვს, რომ საქართველოში ყველა სკოლამ აიტაცოს. ღონისძიება შაბათს, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე იქნება.
რა თქმა უნდა, ჯერჯერობით, ფანტაზიის სფეროა, მაგრამ ძალიან ლამაზი იქნება, თუ ამას ახალგაზრდებში ერთგვარი “ჩელენჯის” სახე ექნება. რომ წარმოიდგინოთ: რეგიონიდან მეორე რეგიონში ბავშვებმა ერთმანეთს “მშვიდობის ხე”, რომ დაურგონ და ეს ყველაფერი სოციალურ ქსელებში ასახონ. საქართველო ამ “ჩელენჯით” პირველი იქნება, თუ მერე ეს ამბავი მსოფლიოში გავიდა, ისეთ ადამიანებს გავაგებინებთ, რომლებიც მოგვბაძავენ. დღეს დედამიწის დღეა. დედამიწაზე ყველა დედამიწელმა თუ არ იზრუნა, ისე არაფერი გამოვა. მთავრობის ჩართულობა გვინდა იმ გაგებით, რომ ხეების დასარგავად ახალგაზრდებს ადგილი გამოუყონ. მე-12 კლასელ ბავშვებს იმიტომ ვიწვევთ, რომ სკოლის დამთავრებისას თან ეს ჟესტი გააკეთონ” – განაცხადა ივანე გულუაშვილმა.
მუსიკოს გია ნიკოლაძის თქმით, პროექტი ბუნებისადმი სიყვარულს მოიცავს.
“ეს პროექტი, პირველ რიგში, გამაერთიანებელია. ახლა რომ გვჭირდება ერთობა და ერთიანობა, ისე რა ვიცი, ყოველთვის გვჭირდებოდა, მაგრამ ახლა ძალიან გვჭირდება. ეს პროექტი ბუნებისადმი სიყვარულს შეიცავს, პროექტში კიდევ სხვადასხვანაირ ცოდნას ჩავაქსოვთ: რა არის ხე, იოანე ზოსიმეს მიხედვით, რამდენ სიტყვაშია ფუძე “ხე”: სახე, ხელი, ფეხები, შეეხე, ნახე, ჯოჯოხეთი, სამოთხე და ა.შ. ძველად იყო დიდი ხეები, მაგალითად, ერთი ხე მოვჭერით – კედარი მირიანის დროს, რაზეც შემდეგ წმინდა სვეტიცხოველი აღმოცენდა და ა.შ. ეს ცოდნა ნელ-ნელა განივრცობა.
თბილისის სკოლის და რეგიონის რომელიმე სკოლის დაძმობილება ხდება, ბავშვები დაძმობილდებიან, ერთმანეთს გაიცნობენ, ხეებს დარგავენ. ამ პროექტს რამდენიმე დადებითი კუთხე აქვს: დაძმობილება, , ბუნების მოვლა, ეკოლოგია, ნელ-ნელა დამალული ცოდნის გამოაშკარავება და ა.შ” – განაცხადა გია ნიკოლაძემ.
პოეტ გაგა გომართელის თქმით, პროექტი ჩვენი სამშობლოს გამწვანებას, გაჯანსაღებას ემსახურება.
“ეს არის პროექტი, რომელსაც ადამიანებს შორის იმ რაღაცა ცუდი ენერგეტიკის გაქრობა შეუძლია, რასაც ჩვენ ზიზღის ენას ვეძახით, ქართველებს დღეს ეს გვჭირდება, საჭიროა, ეს აღმოვფხვრათ და ამას თუ ბავშვებიდან არ დავიწყებთ, რაც ჩვენთვის ყველაზე მაღალი და სასიცოცხლოა, სხვანაირად არ მოხერხდება. იმაზე კარგი და ძვირფასი რა უნდა იყოს, როცა ადამიანთან ერთად ხე გაქვს დარგული. მე მგონი, ეს დამეგობრების ყველაზე დიდი საფუძველია. პროექტი ემსახურება სიყვარულის გავრცელებას, ეკოლოგიას, ჩვენი სამშობლოს გამწვანებას, გაჯანსაღებას, ადამიანების სულებში იმის ჩამოყალიბებას, რომ მოდით, რა მოვეფეროთ ერთმანეთს, ისედაც ცოტანი ვართ, ხეები დავრგოთ, ერთმანეთი არ ვლანძღოთ. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პროექტია”- განაცხადა გომართელმა.