ეროვნული არქივის დოკუმენტური ფილმის ონლაინპრემიერა დღეს გაიმართება
დავით აღმაშენებლის ანდერძის შესახებ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმის – „ნაშთი ძვირფასი სიგელ-გუჯრისა“ ონლაინპრემიერა ეროვნული არქივის YouTube არხზე 23 აპრილს, 16:00 საათზე დაიწყება.
ეროვნულ არქივში დაცული მეფე დავით IV-ის ანდერძი შიომღვიმის მონასტრისადმი შირვანში ლაშქრობის წინ, 1123-1124 წლებში, არის შედგენილი და ჩვენი ქვეყნის ისტორიოგრაფიაში მას გამორჩეული მნიშვნელობა აქვს.
დოკუმენტურ ფილმში დავითის ანდერძის შედგენის წინაპირობებსა და ისტორიულ კონტექსტზე საუბრობენ: ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების ხელმძღვანელი, ფილმის ავტორი ქეთევან ასათიანი და ისტორიკოსები: მამუკა წურწუმია, თემო ჯოჯუა, მზია სურგულაძე და გიორგი ოთხმეზური (საარქივო ჩანაწერი). ისინი დეტალურად განიხილავენ დავითის პიროვნებისა და მოღვაწეობის შესახებ ამ საბუთის მიერ შემონახულ ძვირფას ცნობებს.