გურამ მაჭარაშვილი: მთელი ცივილიზებული სამყარო ხედავს, რომ მშვიდობა მსოფლიოში აქტუალური საკითხი გახდა
“არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელი ცივილიზებული სამყარო ხედავს, რომ მშვიდობა მსოფლიოში აქტუალური საკითხი გახდა, ამ ფონზე კი ჩვენს რეგიონში საერთაშორისო ორგანიზაციის ისეთი მაღალი თანამდებობის მქონე პირი რომ ჩამოდის, [როგორიც ეუთოს გენმდივანია], ბუნებრივია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა, ეუთო-ს გენერალური მდივნის, ფერიდუნ სინირლიოღლუს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, გარე ძალებისგან მართული ოპოზიციის მცდელობის მიუხედავად ეუთოს გენმდივნის ვიზიტი საქართველოში მაინც შედგა.
“ეუთოს გენმდივანმა, პრაქტიკულად, ის გზავნილები გააჟღერა, რასაც ქართულ საზოგადოებას, განსაკუთრებით, ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ვაწვდით – რომ მნიშვნელოვანია მშვიდობა, თან, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, მთლიანად, რეგიონში. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საქართველოში არსებული მშვიდობა დიდწილად განაპირობებს რეგიონში არსებულ მშვიდობას.
მსოფლიოში არჩევნების ერთ-ერთმა მთავარმა შემფასებელმა ორგანიზაციამ ფაქტობრივად, აღიარა, რომ ჩვენთან კონკურენტუნარიანი არჩევნები ჩატარდა, ახლა კი მისი გენმდივნის მაღალი დონის ვიზიტიც ვიხილეთ ჩვენთან, იმ ფონზე, რომ იანვარში ეუთოს ერთ-ერთმა თანამდებობის პირმა გარე ძალებისგან მართული რადიკალური ოპოზიციის დამუნათების გავლენით საქართველოში სტუმრობა გადადო”, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, ეუთოს გენერალური მდივანი, ფერიდუნ სინირლიოღლუ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრებს განაგრძობს. დღეს ის საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.