“ბიძინა ივანიშვილისთვის პრობლემების შექმნა ხელოვნურად, ბაჩიაშვილზე ინფორმაციის არგამჟღავნება, რისი ვალდებულებაც აქვს ბანკს – მიუთითებს, რომ სწორედ გლობალური ძალები მოქმედებენ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ” – მათიკაშვილი
“ყველა ბანკი, სამართლებრივი ხელშეკრულებები, „ევროპოლთან“ არსებული ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებების საფუძველზე ვალდებულია, რომ გამოძიებას გადასცეს შესაბამისი ინფორმაცია, არ დაბლოკოს ეს ინფორმაცია”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
დეპუტატი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების განცხადებას გამოეხმაურა.
„ეს არის პირდაპირი დასტური იმის, რომ ბაჩიაშვილი სარგებლობს გლობალური ძალების მფარველობით და კარნახით. ბიძინა ივანიშვილისთვის პრობლემების შექმნა ხელოვნურად, ბაჩიაშვილისთვის ხელის დაფარება, მის შესახებ ინფორმაციის არგამჟღავნება, რისი ვალდებულებაც ანუ ინფორმაციის გაცემის ვალდებულებაც გააჩნია ბანკს, პირდაპირ მიუთითებს იმ გარემოებას, რომ სწორედ გლობალური ომის პარტია, გლობალური ნეგატიური ძალები მოქმედებენ კოორდინირებულად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, ბანკი „იულიუს ბერი“ ფიგურირებს საქმეშიც, რომელშიც ივანიშვილი დაზარალებულია, ბაჩიაშვილი კი ბრალდებული. შვეიცარიული ბანკი კი ქართულ გამოძიებას გიორგი ბაჩიაშვილზე ინფორმაციას არ აწვდის.