“ის, რომ კობახიძემ პრემიერის რანგში პირველი ვიზიტი სწორედ აზერბაიჯანში განახორციელა, ხაზგასმაა იმისა, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს საქართველო აზერბაიჯანთან ურთიერთობას და შესაბამისად, აზერბაიჯანი საქართველოსთან”- ზაალ ანჯაფარიძე
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის აზერბაიჯანში ვიზიტს აფასებს.
როგორც ანჯაფარიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, ის, რომ ირაკლი კობახიძემ პრემიერმინისტრის რანგში პირველი ვიზიტი სწორედ აზერბაიჯანში განახორციელა, ხაზგასმაა იმისა, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს საქართველო აზერბაიჯანთან ურთიერთობას და შესაბამისად, აზერბაიჯანი საქართველოსთან.
“საჯარო განცხადებები, რაც ასეთი ვიზიტების დროს ოფიციალური პირების მიერ კეთდება ხოლმე, პუბლიკაზე გათვლილი განცხადებებია. ამ განცხადებებიდან რაიმე ისეთი მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანა რთულია. თუმცა, ის, რომ კობახიძემ პრემიერმინისტრის რანგში პირველი ვიზიტი სწორედ აზერბაიჯანში განახორციელა, ესაა ხაზგასმა იმისა, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს საქართველო აზერბაიჯანთან ურთიერთობას და შესაბამისად, აზერბაიჯანი საქართველოსთან. ამ ვიზიტით ნათქვამი იყო, რომ საქართველოსთვის აზერბაიჯანთან ურთიერთობა უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე სომხეთთან, იმიტომ, რომ პირველი ვიზიტი სწორედ ბაქოში განხორციელდა.
თუ მიაქციეთ ყურადღება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვის განცხადებას, მან თქვა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი დაახლოებით ერთსა და იმავე მდგომარეობაში არიან იმ კუთხით, რომ ორივე მათგანი საკუთარ ქვეყანაში გარეშე ჩარევებს ებრძვის, თქვა, რომ ჩვენ ერთობლივად ვიბრძოლებთ იმისთვის, რათა საშინაო საქმეებში გარედან ზედმეტად ჩარევა არ მოხდეს. რაღაც შეხების წერტილები, რა თქმა უნდა, არის, არა მარტო აქ, არამედ სხვა საკითხებშიც. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ აზერბაიჯანი საქართველოში ერთ-ერთი დიდი ინვესტორია. ჩვენ სავაჭრო პარტნიორთა პირველ ხუთეულში შედის, ენერგორესურსებს გვაწვდის. რა თქმა უნდა, ორ მხარეს შორის გადაუწყვეტელი საკითხებიცაა, რომელზედაც გასაგებია, რომ მხარეები საჯაროდ არ საუბრობენ. ესაა თუნდაც საინგილოში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების უფლებების დაცვა, იქ ყველაფერი ისე კარგად არაა, სამწუხაროდ, ამაზე ჩვენი მედია ბევრს არ საუბრობს. რა თქმა უნდა, კიდევ არის დავით გარეჯის გადაუწყვეტელი საკითხი. რაც გადავხედე, ამაზე არც ქართულ, არც აზერბაიჯანულ მედიაში არაფერი არ თქმულა, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ეს საკითხები ორმა ლიდერმა განიხილა, რა შეთანხმებამდე მივიდნენ, ჯერჯერობით უცნობია. მაგრამ, დავით გარეჯის თემა ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებში ერთ-ერთი წინააღმდეგობის ობიექტი ყოველთვის იყო და იქნება” – განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას.