სოფელ სეფიეთის მთავარანგელოზის ტაძრის დარბაზულ ნაწილში საკონსერვაციო სამუშაოები წარმატებით დასრულდა

სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კედლის მხატვრობის სპეციალისტთა გუნდმა აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის მთავარანგელოზის ტაძრის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დაასრულა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს პირველი ეტაპის ფარგლებში სააგენტოს სპეციალისტებმა შეასრულეს შემდეგი სამუშაოები: ტაძრის ცენტრალურ ნაწილში არსებული ქიმები ჩანაცვლდა ავთენტიკური მასალით; კედლებს დაცილებულ მხატვრობიან შელესილობას ჩაუტარდა ინექტირება; ასევე, გამაგრდა აქერცლილი და გაფხვიერებული საღებავის ფენები და არსებული ბზარები ამოივსო ავთენტიკური მასალით; გარდა ამისა, ტაძრის მოხატულობა გაიწმინდა და მოშორდა გამომარილებული ფენა.
2025 წლის გაზაფხულზე მეორე ეტაპის ფარგლებში იგეგმება მთავარანგელოზის ტაძრის საკურთხევლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები.
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთში არსებული მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი გვიანი შუა საუკუნეებისაა და წარმოადგენს სამნავიან ბაზილიკას, ცილინდრული ფორმის შვერილი აფსიდით. ბაზილიკა ნაგებია შერეული წყობით; წყობაში გამოყენებულია სუფთად გათლილი დიდი ქვები. კედლის მხატვრობამ მოაღწია მხოლოდ ფრაგმენტების სახით. გარდა რელიგიური სიუჟეტებისა, გვხვდება ისტორიულ პირთა, ადგილობრივ ფეოდალთა, პორტრეტები. სეფიეთის მთავარანგელოზის ტაძარი V-VI საუკუნეების მიჯნით თარიღდება. ტაძარს ექვთიმე თაყაიშვილი მოიხსენიებს, როგორც ერთ-ერთ უძველეს ეკლესიას საქართველოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები