მამუკა მდინარაძე: საგანგაშოა, როდესაც ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ე.წ. ნარატივს გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების წინააღმდეგ

“საგანგაშოა, როდესაც ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ე.წ. ნარატივს გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების წინააღმდეგ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველი არასდროს არ დაუშვებს, რომ სკოლებსა და ბაღებში ლგბტ პროპაგანდა იყოს დაშვებული.

„არსებობს წითელი ხაზები, არ შეიძლება გამჭვირვალობა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს ინტერესს – გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. არ შეიძლება ოჯახური ღირებულებები, მისი პატივისცემა და კანონში ამის გადატანა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს ინტერესს, გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ეს ჩვენთვის არის განსაკუთრებით აღსანიშნავი წითელი ხაზი.

თუ ვინმე საკითხს ასე დააყენებს, როგორც არ უნდა გაიწელოს რაღაც პროცესი, ქართველი, საქართველოს მოქალაქე არასდროს არ დაუშვებს, რომ სკოლებსა და ბაღებში ლგბტ პროპაგანდა იყოს დაშვებული სანაცვლოდ, რაც არ უნდა მივიღოთ. დღევანდელი კონკრეტული ბიუროკრატები თუ უზრუნველყოფენ, რომ ეს სადღაც ჩაიწეროს, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნება. მაგალითად ამას ხელს შეუწყობს, რომ 20 იანვრიდან, აშშ-ში იქნება ადმინისტრაცია, რომელიც ამ საკითხში ჩვენ გვეთანხმება“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭომ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს ფუნდამენტური უფლებების სრული პატივისცემა, მათ შორის LGBTI პირების უფლებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები