მედია: უკრაინამ კურსკის რეგიონში ოკუპირებული ტერიტორიების 50% დაკარგა
უკრაინამ რუსული ჯარების ზეწოლის შედეგად კურსკის ოლქში ოკუპირებული ტერიტორიების თითქმის ნახევარი დაკარგა,- ამის შესახებ უკრაინელი სამხედროები აცხადებენ.
როგორც მედიას 82-ე საჰაერო შტურმული ბრიგადის საარტილერიო მეთაურმა, მაიორმა ივან ბაკრევმა განუცხადა, რუსებს დიდი უპირატესობა აქვთ თითქმის ყველაფერში – ადამიანებში, არტილერიაში, მანქანებში.
მედიის ინფორმაციით, წარუმატებლობა მაშინ დაიწყო, როდესაც უკრაინამ სექტემბრის ბოლოს ელიტური შენაერთები ნაკლებად გამოცდილი დანაყოფებით შეცვალა. მაიორი ფიქრობს, რომ ეს შეცდომა იყო.
ამასთან, როგორც ადგილობრივი მედია წერს, უკრაინელები ცდილობენ, გაუძლონ, მიუხედავად იმისა, რომ პირობები სულ უფრო მძიმე ხდება.
„წვიმა, ნალექი, თოვლი, სიცივე, ჭუჭყი, მწერები, ჭიები, ვირთხები და მართვადი ბომბები“, – ამბობს რუსლან მოკრიცკი, 95-ე სადესანტო შტურმული ბრიგადის მებრძოლი. მისი თქმით, რუსებს შეუძლიათ, რამდენიმე საათში ერთ პოზიციაზე 40-მდე მართვადი ბომბი ჩამოაგდონ.
იმავდროულად, ჯარისკაცები მიიჩნევენ, რომ კურსკის ოლქში კონტრშეტევა ღირდა.
„კურსკში ფეხი რომ დავდგი, მივხვდი, რას გრძნობდნენ, როდესაც უკრაინაში შემოვიდნენ. დაე, დაიღუპონ და გაიხრწნან საკუთარ მიწაზე და რაც მეტი იქნებიან, მით უკეთესი“, – ამბობს მოკრიცკი.