გიორგი გაბუნია ჰერჩინსკის განცხადებაზე: ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ამ გზისკენ მივდიოდით მეტ-ნაკლები წარმატებით, მაგრამ განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ჩვენ არაერთი ხელშესახები შედეგი დავდეთ ევროკავშირის წევრობისკენ
„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ელჩის გადასაწყვეტი არ არის საქართველო როდის გახდება ევროკავშირის წევრი და რა გზით გახდება ევროკავშირის წევრი,“ – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავარი საგარეო პოლიტიკური ორიენტირი გახლავთ ევროკავშირის წევრობა.
„ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ამ გზისკენ მივდიოდით მეტ-ნაკლები წარმატებით, მაგრამ განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ჩვენ არაერთი ხელშესახები შედეგი დავდეთ ევროკავშირის წევრობისკენ. ვფიქრობთ, რომ ეს გზა, რა თქმა უნდა, არის გამოწვევებით, პასუხისმგებლობებით სავსე, მაგრამ ჩვენ ამ გზას ბოლომდე გავივლით და საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი მას შემდეგ, რაც როგორც ჩვენმა ხელისუფლებამ განაცხადა, საქართველო შეასრულებს ყველა ნაკისრ ვალდებულებას ევროკავშირის წევრობისთვის და მას შემდეგ, რაც ევროკავშირი მზად იქნება რეალურად, გაფართოებისთვის, საქართველო იქნება ყველაზე უკეთ მზად წევრობისთვის, მაგრამ აქ სხვა რამეშია საქმე.
მინდა პირდაპირ ვთქვა, რომ ევროკავშირმა თვისობრივად უნდა გადახედოს საკუთარ მიდგომებს საქართველოსთან მიმართებით და უარი თქვან ევროპელმა ბიუროკრატებმა იმ უკიდურესად არაჯანსაღ და არამეგობრულ ნაბიჯებზე, რომლებსაც ჩვენ ვხედავდით ბოლოდროინდელი პოლიტიკური პროცესების კვალდაკვალ.
მხედველობაში მაქვს საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში უხეში ჩარევის მაგალითები. ასევე, ის მთელი რიგი დესტრუქციული ნაბიჯები და დესტრუქციული განცხადებები, რომლებსაც ჩვენ ვხედავდით როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების შემდგომ პერიოდში, როდესაც ვიხილეთ არაერთი რევოლუციის მცდელობა, სამოქალაქო დაპირისპირება და მთელი ის ძალიან არასასიამოვნო მოვლენები, რომლებიც განვითარდა პარლამენტის წინ“, – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.
ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარს არ გააკეთებდა.