ანეტ კელერმანი — ადამიანი, რომელმაც ქალის საცურაო კოსტიუმის ისტორია შეცვალა

1900-იანი წლების დასაწყისში, როცა საზოგადოება ქალს სპორტში თითქმის ვერ წარმოიდგენდა და როცა ზღვისპირა დასვენებაც კი ქალებისთვის ბამბის ქვედაბოლოთი და გრძელი შალის კაბით იყო სავალდებულო, გამოჩნდა ქალი, რომელიც ამ „ტრადიციას“ გამბედავი ნაბიჯით დაუპირისპირდა. ანეტ კელერმანი ავსტრალიელი მოცურავე გახლდათ. ის არა მხოლოდ სპორტში აღწევდა წარმატებებს, არამედ იმ დროს ქალისთვის დაუშვებელ თემებზე — სხეულის თავისუფლებაზე, მოძრაობებსა და თვითგამოხატვაზე — ღიად საუბრობდა.

რეალურად, ცურვა ანეტისთვის თავდაპირველად სავალდებულო თერაპია იყო. ბავშვობაში ფეხის პრობლემები ჰქონდა და ექიმმა ცურვა ურჩია. მალე აუზი მისთვის არა მხოლოდ მკურნალობის, არამედ ცხოვრების ნაწილი გახდა. ის ძლიერდებოდა, წვრთნიდა სხეულს და ლახავდა იმ საზღვრებს, რომლებშიც ქალებს იმდროინდელი საზოგადოება სვამდა. კელერმანმა ავსტრალიაში რამდენიმე რეკორდიც დაამყარა და პოპულარული მოცურავე გახდა.

ამ ყველაფრის ფონზე, როცა 1907 წელს ამერიკაში ჩავიდა, ანეტმა უკვე იცოდა, რომ მისი კოსტიუმი — მჭიდროდ მოტმასნილი საცურაო ფორმა, რომელიც მამაკაცების კოსტიუმს უფრო ჰგავდა — საზოგადოების მღელვარებას გამოიწვევდა, მაგრამ ვერ წარმოიდგენდა, რომ პლაჟზე ასეთი ტანსაცმლით გამოჩენისთვის დააკავებდნენ. ეს მოხდა ბოსტონში… პოლიციამ მას ბრალი წაუყენა საჯაროდ გაშიშვლებაში, რადგან ფორმა მის მუხლებსა და მკლავებს ხილულს ხდიდა — იმდროინდელი სტანდარტებით, ეს აბსოლუტური სკანდალი გახლდათ.

კელერმანმა ბრალდებებს სასამართლოში უპასუხა. თქვა, რომ ცურვისთვის აუცილებელია თავისუფლად მოძრავი ტანსაცმელი და შალის კაბით ცურვა საფრთხეს უქმნიდა ადამიანის სიცოცხლეს. ეს გამოსვლა, ერთგვარად, სპორტში ქალის ფიზიკური თავისუფლების დაცვის პირველ გაცხადებულ აქტად იქცა. სასამართლომ მასთან შეთანხმება გააფორმა: კოსტიუმს დაემატა მოკლე კალთის მსგავსი ნაწილი, რაც წესებს ფორმალურად აკმაყოფილებდა, მაგრამ მისი სტრუქტურა ფუნქციური რჩებოდა. საზოგადოებაში ამ მოვლენამ მასობრივად წამოიწყო კამათი ქალის სხეულის შესახებ.

თუმცა, ანეტის როლი გაცილებით შორს მიდიოდა, ვიდრე ერთი კოსტიუმის ამბავი. ის იყო პიონერი იმ სფეროში, რასაც დღეს სინქრონულ ცურვას ვუწოდებთ. იგი ასრულებდა ცეკვებს წყალში, აწყობდა საცურაო შოუებს და აერთიანებდა სპორტს, ხელოვნებასა და მოძრაობის ესთეტიკას. ამავდროულად, ის გახდა პირველი ქალი მსახიობი, რომელმაც სრულმეტრაჟიან ფილმში (1916, Daughter of the Gods) სრულიად შიშველი სცენა ითამაშა — არა სენსაციისთვის, არამედ იმისთვის, რომ ქალი, როგორც ძლიერი, დამოუკიდებელი სილუეტი, კადრში ბუნებრივად და არტისტულად წარმოჩენილიყო.

ანეტ კელერმანი აგრძელებდა წერას, საუბარს, გამოსვლებს. იყო ერთ-ერთი პირველი ქალი, ვინც ღიად და დაჟინებით საუბრობდა ვეგეტარიანულ დიეტაზე, სპორტსა და ცხოვრების ჯანსაღ წესზე. წერდა წიგნებს, რომლებშიც ქალებს დამოუკიდებლობისკენ და საკუთარი სხეულის მიღებისკენ მოუწოდებდა. მისი სახელით გაიხსნა საცურაო ცენტრი სიდნეიში და მისი სახე ხშირად ჩნდებოდა იმდროინდელ გაზეთებსა და რეკლამებში, როგორც პროგრესის სიმბოლო.

დღეს ქალის საცურაო კოსტიუმი ჩვეულებრივ სამოსს წარმოადგენს, თუმცა ამ თავისუფლებას თავისი ისტორია აქვს  და ამ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი თავი არის ქალზე, რომელმაც არა მხოლოდ ტალღები, არამედ სტერეოტიპებიც დაამარცხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები