16 დეკემბერი შიო არაგვისპირელის დაბადების დღეა

1867 წლის 16 დეკემბერს ქართველი მწერალი შიო არაგვისპირელი (ნამდვილი გვარი დედაბრიშვილი 1867 – 1926) დაიბადა.
სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ – თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1890 წლიდან ვარშავის საბეითლო ინსტიტუტში განაგრძო სწავლა. 1893 ქართველ სტუდენტებთან ერთად ვარშავაში დააარსა „საქართველოს განთავისუფლების ლიგა“, რისთვისაც სხვებთან ერთად დააპატიმრეს. იყო ჯერ ვარშავის, შემდეგ ქუთაისის ციხეში. 1895 წელს დაამთავრა ინსტიტუტი, დაბრუნდა საქართველოში და ბეითლად დაიწყო მუშაობა. ამ წლებში ბევრი ხელნაწერი დაეკარგა, მარტო ერთი „მოგონება“ დაიბეჭდა 1890 წელს „ჯეჯილში“.
შიო არაგვისპირელმა დაახლოებით 30 წლის მანძილზე შექმნა ოთხმოცამდე ნაწარმოები, მაგრამ ის იყო ერთ-ერთი პირველი მწერალი, ვინც შემოიტანა და დაამკვიდრა პროზაული ჟანრის მცირე ფორმები – ფსიქოლოგიური ნოველა, ეტიუდი, ესკიზი, სურათი. აკაკი წერეთელმა მას „ახალგაზრდა სკოლის მეთაური“ უწოდა.
მისი ერთი უადრესი მოთხრობა იყო „ესაა ჩვენი ცხოვრება!“ (1889); სკეფსისით, ირონიით, მწარე ნაღვლით შეფერილი სათაური ხატოვნად გადმოსცემს მისი მთელი შემოქმედების არსს. მან წარმოაჩინა „პატარა ადამიანები“, მებრძოლი სულისკვეთებისა თუ ნიჰილიზმით დაავადებული პერსონაჟების, მაღალი ზნეობრივი თვისებებით გამორჩეული თუ დაკნინებული ადამიანების მდიდარი გალერეა („ჩემო შვინდავ!“, 1892; „გმადლობ, უფალო, გმადლობ“, 1897; „შემუსვრილი სამი მცნება“, 1899).
არაგვისპირელი დიდი პატრიოტი იყო და ნოველებში გააცხადა კიდეც თავისი დამოკიდებულება პატრიოტიზმთან და რევოლუციურ პროცესებთან („აჰა, მოვიდა მოგვი აღმოსავლეთით“, 1900; „მიწაა“, „ჩემი სამშობლო ჩემი გულია“, ორივე 1901; „გრძნეული ციხე“, „ნინიკას მთაზე“, „მიჯაჭვული ამირანი“, 1908; „სამარცხვინო ბოძთან“, 1908; „განძი“, „საშინელებაა…“).
საყურადღებოა არაგვისპირელის რომანი „გაბზარული გული“ (1920), რომელსაც თვითონვე უწოდა არაკი.
არაგვისპირელმა გაამდიდრა ქართული ბელეტრისტიკა; მის შემოქმედებაში კლასიკურ სიმაღლეს მიაღწია ქართულმა ნოველამ. მძაფრი სიუჟეტით, მაღალი ჰუმანიზმით, დრამატიზმით, ღრმა ფსიქოლოგიზმით არაგვისპირელმა ახალი თვისება შესძინა ქართულ რეალისტურ პროზას.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. თბილისში არსებობს მისის სახელობის ქუჩა.

ფოტო: ეროვნული არქივი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები