უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ მის ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს შეუძლია უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე გავლენა მოახდინოს. ამის შესახებ მან დავოსში მედიის საერთაშორისო საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
ზელენსკის თქმით, ზოგიერთი სახელმწიფო უკრაინის მიმართ თავიდანვე გაუმჭვირვალე პოლიტიკას ატარებდა და ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას მხარს არ უჭერდა.
„ეს იყო უბრალოდ ტყუილი სიტყვები იმის შესახებ, რომ უკრაინა ნატოში იქნებოდა, რადგან ათწლეულები გავიდა და უკრაინა ნატოს წევრი არ გამხდარა. ეს იყო არაკეთილსინდისიერი“, – განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-სა და გერმანიას სუსტი პოზიცია აქვთ უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ამ საკითხზე რუსებთან დიალოგში არიან ჩართულნი.
თუმცა, მისი აზრით, მათ ეს დიალოგი წააგეს, რადგან ყოველთვის აპელირებენ იმაზე, რომ ოდესღაც იყო შეთანხმებები რუსეთთან.
„მინდა გავათანაბრო სხვების პატივისცემა უკრაინის მიმართ. ჩვენ ვიბრძვით უსაფრთხოების გარანტიებისთვის, გვინდა ვიყოთ ნატოში, ნატოს ქვეყნების უმეტესობა მხარს გვიჭერს“, – თქვა მან.
ამასთან, ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებობს ოთხი ქვეყანა, რომლებიც უკრაინას ნატოში გაწევრიანებას მხარს არ უჭერენ: აშშ, გერმანია, სლოვაკეთი და უნგრეთი.
„თუმცა, ყველაფერი აშშ-ზეა დამოკიდებული. თუ ტრამპი მზად არის ნატოში ნახოს უკრაინა, ჩვენ ვიქნებით ნატოში, ყველა მომხრე იქნება. თუ პრეზიდენტი ტრამპი არ არის მზად ჩვენი ნატოში გაწევრიანებისთვის, ჩვენ არ ვიქნებით ნატოში“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
გარდა ამისა, ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ თქვა, რომ უკრაინაში ომის დასრულება ან ცეცხლის შეწყვეტის პერსპექტივა დამოკიდებულია ევროპის მზაობაზე, იყოს უფრო მკაცრი რუსეთის მიმართ და რომ უკრაინის არმიის გარეშე ევროპას „რუსეთის წინააღმდეგ არანაირი შანსი არ აქვს“.