გიორგი გაბუნია: ჩვენს თითოეულ მოქალაქეს მაქსიმალური სიფრთხილე მართებს – მაქსიმალურად უნდა გამოვიჩინოთ გონიერება იმისთვის, რომ არ დავაზიანოთ ჩვენი სახელმწიფო

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი გიორგი გაბუნია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

“ბუნებრივია, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს თუ რა პროცესებთან გაქვს საქმე და საერთოდ რა ხდება ამ აქციებთან დაკავშირებით. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს აქციები მილევად რეჟიმშია. მისასალმებელია, რომ დაიკლო ძალადობის ფაქტებმა. ძირითადად ვინც რჩებიან, არიან ოპოზიციური პარტიების აქტივისტები. ვნახეთ არაერთი სამწუხარო ფაქტი, მათ შორის, თავდასხმები ჟურნალისტზე, ასევე არაერთი თავდასხმა პოლიციელებზე.

ნათელია, რომ ეს პროცესები კარგად ორგანიზებულია დიდი ხნით ადრე, დაგეგმილი პროვოკაციაა სახელმწიფოს წინააღმდეგ. ბუნებრივია, ამის თაობაზე ჰქონდა შესაბამისი ინფორმაცია კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებს და მისასალმებელი ფაქტია, რომ ყველა საჭირო პრევენციული ღონისძიება გატარდა იმისთვის, რომ სიტუაცია არ გადაზრდილიყო უმართავ პროცესებში.

ჩვენ ვნახეთ მცდელობა იმისა, რომ ამ აქციების პროცესში შემოტანილიყო მსხვერპლის ნაწილიც, რომელიც კიდევ უფრო დაამძიმებდა სიტუაციას და უმართავ პროცესებს
ჩაუყრიდა საფუძველს. დღევანდელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაფრთხილებაც სწორედ ამის ნათელი დასტურია, რომ ის გეგმები, რომელიც დიდი ხნით ადრე არსებობდა, არ ხდება უკან წაღება.

ჩვენს თითოეულ მოქალაქეს მაქსიმალური სიფრთხილე მართებს. მაქსიმალურად უნდა გამოვიჩინოთ გონიერება იმისთვის, რომ არ დავაზიანოთ ჩვენი სახელმწიფო”, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ “რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას.

ცნობისთვის, სუს-ის განცხადებით: “დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები გეგმავენ, 2024 წლის 14 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესი არ შედგეს და ყველა გზით ხელი შეუშალონ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევას, რაც ხელოვნურად გამოიწვევს სახელისუფლებო კრიზისს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები