ისრაელის პრემიერის ოფისი: ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ისრაელს თავისი მოქალაქეების დაცვაში ვერ შეაფერხებს
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ანტისემიტური გადაწყვეტილება ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ, დრეიფუსის სასამართლო პროცესის ტოლფასია, – ამის შესახებ ნათქვამია ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სასამართლოს გადაწყვეტილება ისრაელს თავისი მოქალაქეების დაცვაში ვერ შეაფერხებს.
მანამდე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ქვეყნის ყოფილი თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის დაკავების ორდერები გასცა.
მოსამართლეები ფიქრობენ, რომ ნეთანიაჰუს და გალანტს, სავარაუდოდ, ღაზის სექტორში ჩადენილი აქვთ სამხედრო დანაშაული და დანაშაული კაცობრიობის წინაშე.
ებრაული მედია აღნიშნავს, რომ ამ ორდერების გამო ნეთანიაჰუ და გალანტი ვერ ჩავლენ იმ 120 ქვეყანაში, სადაც რომის სტატუტი მოქმედებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ იქ დააკავებენ.
აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დემოკრატიული ქვეყნის მმართველების დაკავების ორდერები გასცა.