ლიეტუვის ახალი პრემიერ-მინისტრი გინტაუტას პალუცკასი გახდა
ლიეტუვის სეიმმა ხმათა უმრავლესობით ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე „სოციალ-დემოკრატიული“ პარტიის წარმომადგენელი გინტაუტას პალუცკასი დაამტკიცა,- ინფორმაცია ადგილობრივ მედიაში ვრცელდება.
პალუცკასის კანდიდატურას 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 36 წინააღმდეგი იყო, ხოლო ექვსმა პარლამენტარმა თავი შეიკავა.
კანონმდებლობის მიხედვით, პარლამენტის მიერ დამტკიცების შემდეგ პალუცკასი ლიეტუვის პრეზიდენტს გიტანას ნაუსედას უნდა შეხვდეს, რომელთანაც მთავრობის ფორმირების საკითხი უნდა განიხილოს. ამის შემდეგ პალუცკასი ლიეტუვის სეიმს მინისტრობის კანდიდატებსა და სამთავრობო პროგრამას დასამტკიცებლად გადაუგზავნის. როგორც პალუცკასმა არაერთხელ აღნიშნა, მას უკვე ჰყავს შერჩეული შესაბამისი კანდიდატურები.
შეგახსენებთ, ლიეტუვაში ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. მასში „სოციალ-დემოკრატიულმა“ პარტიამ გაიმარჯვა. პარტიამ სეიმში 52 მანდატი მოიპოვა. „სოციალ-დემოკრატიულმა“ პარტიამ სხვა პოლიტიკურ გაერთიანებებთან ერთად მმართველი კოალიცია ჩამოაყალიბა და 86 მანდატიანი საპარლამენტო უმრავლესობა შექმნა.