პაკისტანში შეიარაღებული პირები სამგზავრო მანქანებს თავს დაესხნენ – დაიღუპა, სულ მცირე, 38 ადამიანი
ჩრდილოეთ პაკისტანში, შეიარაღებულმა პირებმა სამგზავრო ავტომობილებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 38 ადამიანი დაიღუპა.
სააგენტო Reuters-ი ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციის მთავარ მდივანზე, ნადიმ ასლამ ჩოდრიზე დაყრდნობით წერს, რომ შემთხვევის შედეგად 29 ადამიანი დაშავდა.
„ეს დიდი ტრაგედიაა და დაღუპულთა რიცხვი სავარაუდოდ გაიზრდება“, – განაცხადა ნადიმ ასლამ ჩოდრიმ
როგორც ცნობილია, ავღანეთის მოსაზღვრე ტომობრივ მხარეში, მიწის დავის გამო შეიარაღებულ შიიტებსა და სუნიტ მუსლიმებს შორის დაძაბულობა ათწლეულების განმავლობაში არსებობდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.