ევროკომისიის პრეზიდენტმა თვითმფრინავში მგზავრს პირველადი დახმარება გაუწია
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა Swiss Air-ის თვითმფრინავის მგზავრს პირველადი დახმარება გაუწია.
გამოცემა Bild-ის ცნობით, 20 ნოემბერს ფრენის დროს ერთ-ერთ მგზავრს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, რის შემდეგაც ეკიპაჟმა იკითხა, შეეძლო თუ არა ვინმეს დახმარება. ერთ-ერთმა მგზავრმა ცუდად მყოფს პირველადი დახმარება გაუწია, ვიდრე თვითმფრინავი ბრიუსელში უსაფრთხოდ დაეშვებოდა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, მგზავრი, რომელიც დახმარების თხოვნას გამოეხმაურა, ევროკომისიის მოქმედი პრეზიდენტი აღმოჩნდა. ეს ინფორმაცია გამოცემას ევროკავშირის წარმომადგენელმა დაუდასტურა.
ურსულა ფონ დერ ლაიენი ბრაზილიაში, რიოში, G20-ის სამიტიდან ბრუნდებოდა.
„რიო-დე-ჟანეიროდან ბრიუსელში ვბრუნდებოდით, როდესაც მგზავრს ფრენის დროს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. როგორც ჩვეულებრივ ხდება ასეთ შემთხვევებში, ეკიპაჟმა იკითხა, ჰქონდა თუ არა რომელიმე მგზავრს სამედიცინო ცოდნა“, – თქვა ევროკავშირის წარმომადგენელმა.
Bild-ი წერს, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენს სამედიცინო განათლება აქვს. ის მედიცინას ჰანოვერის სამედიცინო სკოლაში სწავლობდა, სადაც დოქტორის ხარისხი მიიღო.