“დღეს აბსოლუტურად გაუგებარია ის განცხადებები, რასაც „სამართლიანი არჩევნები“ აკეთებს პარალელურ დათვლასთან მიმართებით და ეს არ გახლავთ მხოლოდ პროცენტული დამთხვევა” – გიორგი შარაბიძე
“საარჩევნო ადმინისტრაციას ამ ოთხი წლის მანძილზე არასდროს არ უსაუბრია საჯაროდ ასეთი ტიპის საკითხებზე იმიტომ, რომ ჩვენ ვაფასებდით და გვქონდა განცდა, რომ ობიექტური დაკვირვება არის და იყო ძალიან მნიშვნელოვანი საარჩევნო პროცესისთვის”, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.
მისი თქმით, გაუგებარია ის განცხადებები, რასაც „სამართლიანი არჩევნები“ აკეთებს პარალელურ დათვლასთან მიმართებით.
„დღეს აბსოლუტურად გაუგებარია ის განცხადებები, რასაც „სამართლიანი არჩევნები“ აკეთებს პარალელურ დათვლასთან მიმართებით და ეს არ გახლავთ მხოლოდ პროცენტული დამთხვევა. იქ არის ძალიან ბევრი მონაცემი, მათ შორის აქტივობა და ა.შ. ეს კითხვები რა თქმა უნდა გროვდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ რაღაცა პერიოდის შემდეგ ძალიან ბევრი დაინტერესებული მხარე ამ კითხვებზე პასუხს მოითხოვს.
კარგი საერთაშორისო დაკვირვების სტანდარტი მოითხოვს დამკვირვებელი ორგანიზაციისგან ობიექტურად და სრულად ასახოს საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით მიმდინარე სურათი. ამ ობიექტურობის და სამართლიანობის გზას ამ წუთში „სამართლიანი არჩევნები“ არ მისდევს და გვინდა ვთხოვოთ ორგანიზაციის ახლანდელ ხელმძღვანელობას, თუ ეს შესაძლებელია, დაუბრუნდნენ დაკვირვების საერთაშორისო სტანდარტებს და ასახონ ობიექტურად მიმდინარე მოვლენები და არა ისე, რომ ეს იყოს მხოლოდ ცალმხრივი შეფასებები“, – აღნიშნა შარაბიძემ.