“ადამიანებმა აღმოაჩინეს არჩევნების დღემდე, რომ იყვნენ ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნულები, ცალსახად გვაქვს სავარაუდო დანაშაულის მცდელობის ნიშნები” – გორდულაძე

თბილისის მთავარ სამმართველოში „ქართული ოცნების“ წევრის, არჩილ გორდულაძის გამოკითხვა დასრულდა.

საქმე ეხება ოპოზიციის მხრიდან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ნების საწინააღმდეგოდ, საარჩევნო უბნებზე საკუთარ წარმომადგენლებად დანიშვნის ფაქტებს.

როგორც გორდულაძემ აღნიშნა, იდენტიფიცირებულია 102 შემთხვევა, როცა ოპოზიციამ ოცნების მხარდამჭერები ფარულად ან ნების საწინააღმდეგოდ სხვა რაიონებში დამკვირვებლებად დაარეგისტრირა, რის გამოც მათ არჩევნების დღეს ხმის მიცემა ვერ შეძლეს.

“ადამიანებმა აღმოაჩინეს არჩევნების დღემდე, რომ იყვნენ ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნულები. ცალსახად გვაქვს სავარაუდო დანაშაულის მცდელობის ნიშნები. ცალკე ყურადღება დაეთმო, რა თქმა უნდა ზესტაფონის შემთხვევას, სადაც საუბნო გადასატან ყუთს არ ახლდა თან ამომრჩევლების ხელმოწერები, რაც გახდა საბოლოო ჯამში ამ ყუთის შედეგების და შესაბამისად, ამომრჩევლების გამოხატული ნების ბათილობის საფუძველი.

თითოეულ საკითხთან დაკავშირებით, რაც კი არსებობდა კითხვა, ჩვენს ხელთ არსებული დეტალური ინფორმაცია მიწოდებულ იქნა საგამოძიებო სამსახურისთვის. თუ იქნება საჭიროება, აუცილებლად ჩვენს ხელთ არსებულ ნებისმიერ ინფორმაციას დამატებითად მივაწვდით ნებისმიერ საგამოძიებო სამსახურს, განსხვავებით „ნაცმოძრაობის“ წევრებისგან, რომლებიც პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ ისე, რომ არავითარი მტკიცებულება ხელში არ უჭირავთ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ფაქტებთან დაკავშირებით მტკიცებულებები საგამოძიებო უწყებას სწორედ “ქართულმა ოცნებამ” წარუდგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები