აზერბაიჯანში COP29 გაიხსნა — საინტერესო ფაქტები გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე

გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენცია (COP29) ორშაბათს, 11 ნოემბერს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიხსნა. სამიტი 11-დან 22 ნოემბრამდე გაგრძელდება და იქ მიღებული გადაწყვეტილებები ყველა ჩვენგანზე აისახება. ჯერჯერობით, საერთაშორისო საზოგადოებამ ვერ შეაჩერა წიაღისეული საწვავის ინდუსტრიის მიერ გამოწვეული უმძიმესი შედეგები და პლანეტის დაბინძურება გრძელდება. ასე რომ, COP29 მსოფლიო ლიდერებისთვის წარსული წარუმატებლობისგან თავის დაღწევის მორიგი შანსია.

მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანს მასშტაბური ღონისძიებების მასპინძლობის გამოცდილება აქვს, მსგავსი მასშტაბის კონფერენცია ამ ქვეყანაში მაინც პირველად ტარდება. შესაბამისად, აზერბაიჯანი ამისთვის განსაკუთრებულად მოემზადა: მორეცხეს ქუჩები; განაახლეს ინფრასტრუქტურა; შეღებეს შენობები; ჩაატარეს დასუფთავების აქცია; გამოაცხადეს დასვენება სასწავლო დაწესებულებებში; შვებულება მისცეს დასაქმებულთა ნაწილს; შემოიყვანეს 350 ელექტროავტობუსი; კონფერენციის მონაწილეებს უფასოდ ემსახურება საზოგადოებრივი ტრანსპორტი; გაძლიერებული დატვირთვით მუშაობენ გადაჭედილი სასტუმროები და კვებითი დაწესებულებები; სადაც არ უნდა გაიხედოთ, ყველგან აზერბაიჯანისა და COP29-ის დროშას დაინახავთ… მოკლედ, მთელი ქვეყანა 22 ნოემბრამდე COP29-ით იცხოვრებს.

დასუფთავების აქცია ბაქოში

ვინ მონაწილეობს კონფერენციაში და რა არის ღონისძიების მთავარი თემა

კონფერენციაში მონაწილეობას იღებს 32 ათასზე მეტი დელეგატი 198 ქვეყნიდან, მათ შორის, საქართველოდან. ღონისძიებაზე პირველად იქნება წარმოდგენილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პავილიონი. COP29-ზე ჩვენს ქვეყანას წარმოადგენენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე; პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი; საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი; მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, რომელიც მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს და საქართველოში გარემოს დაცვის მიმართულებით ქვეყანაში არსებულ პროგრესზე ისაუბრებს.

ვიცით, რომ სამიტის მთავარი თემა 2025 წლიდან კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭირო ღონისძიებების დაფინანსების საკითხი იქნება. ექსპერტების შეფასებით, საჭირო ღონისძიებების ღირებულება და შესაბამისად, მათი დაფინანსებიც ოდენობაც წელიწადში, მინიმუმ, ტრილიონი აშშ დოლარი იქნება. ზოგიერთი დამკვირვებლის აზრით, ეს მაჩვენებელი 2,4 ტრილიონ დოლარამდეა. არსებული გათვლები ითვალისწინებს არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ კერძო ინვესტიციებს კლიმატის დაცვის ღონისძიებებში, მათ შორის, სესხების დასაფარად საჭირო თანხებს.

2025 წლამდე კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული ბრძოლის დაფინანსებას მდიდარი, ინდუსტრიული ქვეყნები უზრუნველყოფენ. მათ აქვთ ვალდებულება — დახარჯონ, მინიმუმ, 100 მილიარდი დოლარი წელიწადში. ამ კუთხით, გერმანიისა და რიგი სხვა ინდუსტრიული ქვეყნების პოზიცია შემდეგია: აუცილებელია, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ფარგლებში გამართული ღონისძიებების დაფინანსებაში სამომავლოდ გარდამავალი ეკონომიკის მქონე მდიდარი ქვეყნები, მაგალითად, ჩინეთი და სპარსეთის ყურის ქვეყნებიც ჩაერთონ.

სათბურის გაზების ემისიის საკითხი

მოსალოდნელია, რომ COP29-ზე მოლაპარაკებების კიდევ ერთი საკითხი ატმოსფეროში სათბურის გაზების ემისიების შემცირების საჭიროება იქნება. ბუნებრივი კატასტროფების მზარდი სიხშირის გათვალისწინებით, ამ სფეროში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია.

„ჩვენ განადგურების გზაზე ვართ. კლიმატის ცვლილება უკვე აქ არის, ის მომავლის პრობლემა არ გახლავთ“, — განაცხადა აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, მუხტარ ბაბაევმა კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

გაეროს კლიმატის კონფერენცია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებიდან მალევე იმართება. მოგეხსენებათ, ამ არჩევნებში სახელმწიფოს ყოფილმა მეთაურმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. ეს უკანასკნელი კლიმატის ცვლილების პრობლემისადმი სკეპტიკური დამოკიდებულებითაა ცნობილი. წინასაარჩევნო კამპანიის დროს მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, ბირთვული კატასტროფის საფრთხე დღეს უფრო სერიოზულია, ვიდრე კლიმატის ცვლილების საფრთხე.

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, გერმანიის სამთავრობო კოალიციის დაშლასთან დაკავშირებული კრიზისის გამო, აზერბაიჯანში COP29-ს არ ესწრება. გერმანიის გარემოსა და ბირთვული უსაფრთხოების სამინისტროს ვებგვერდზე 10 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გერმანიას ბაქოში წარადგენენ საგარეო საქმეთა მინისტრი ანნალენა ბაერბოკი; ეკონომიკის მინისტრი და ვიცე კანცლერი რობერტ ჰაბეკი; გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ხელმძღვანელი სვენია შულცი, ასევე გარემოს დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი შტეფი ლემკე.

COP29-ის საერთო მიზანია, ქვეყნები შეთანხმდნენ, შეიმუშაონ და გაცვალონ გეგმები კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ საბრძოლველად, რაც, თვის მხრივ, შემდგომი გლობალური დათბობის თავიდან აცილებას და დაზარალებულთა დახმარებას გულისხმობს.

გლობალური დათბობის შეზღუდვა

2015 წლის პარიზის შეთანხმებამ იურიდიულად სავალდებულო გახადა ყველა ქვეყნისთვის სათბურის გაზების ემისიის შემცირების მიზნების დაწესება, რათა გლობალური ტემპერატურის აწევა 2°C-მდე შეიზღუდოს. თუმცა, კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისმა პანელმა (IPCC) დაასკვნა, რომ კლიმატის ცვლილების ყველაზე კატასტროფული ზემოქმედების თავიდან აცილება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ საუკუნის ბოლოსთვის გლობალურ დათბობას 1,5°C-მდე შევზღუდავთ.

მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ თუნდაც 1,5°C დათბობა მოსახლეობის მასობრივ გადაადგილებას, ეკონომიკურ ზარალს და ზოგ შემთხვევაში, სიცოცხლის დაკარგვასაც კი გამოიწვევს. ყველაზე მეტად ამით დაბალშემოსავლიანი ქვეყნები დაზარალდებიან. მსოფლიო ამ საუკუნეში ტემპერატურის 2.6-დან 3.1°C-მდე მატების გზაზეა.

ვინ უნდა გაიღოს და რას უნდა მოხმარდეს ფინანსური რესურსი

UNFCCC-ისა და პარიზის შეთანხმების მიხედვით, ღონისძიებების დაფინანსება უნდა მოდიოდეს მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებიდან, რომლებსაც, ისტორიულად, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ კლიმატის ცვლილებაზე. უფრო მეტიც, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ყველა სახელმწიფომ, რომელსაც შეუძლია ამის გაკეთება, ასევე, უნდა შეიტანოს წვლილი.

ფინანსური მიზნის დასახვის გარდა, COP29-ის მონაწილეები, ასევე, უნდა შეთანხმდნენ მკაფიო ვადაზე დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის სახსრების გამოსაყოფად. სახსრები უნდა იყოს გაცემული გრანტების და არა სესხების სახით, რათა თავიდან ავიცილოთ არსებული სავალო კრიზისის გამწვავება.

მიზანი, რომელსაც ზემოხსენებული თანხა მოხმარდება, უნდა შეიცავდეს ქვემიზნებს, რათა ნათელი გახდეს, სად უნდა წავიდეს ფული. მაგალითად, Amnesty International ითხოვს, ამ მიზანში ზარალისა და ზიანის დაფინანსების კომპონენტის ჩამატებას. არსებითად, ეს არის კომპენსაცია, რომელსაც  მაღალი შემოსავლის ქვეყნები დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს უხდიან..

ქვეყნებს, ასევე, მოუწოდებენ, საფუძველი ჩაუყარონ უფრო ეფექტური ეროვნული გეგმების შემუშავებას, ატმოსფეროში მავნე ემისიების გაშვების შეზღუდვის მიზნით.

საერთო ძალისხმევის მნიშვნელობა

ამბიციის ქმედებად გადაქცევა უმთავრეს პრიორიტეტად რჩება, მაგრამ როგორ მივაღწიოთ ამ მიზანს? ამ კითხვით მიმართა Euronews-ის კორესპონდენტმა  COP29-ის პრეზიდენტს, მუხტარ ბაბაევს.

„ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ყველა ქვეყნის ძალისხმევა, რადგან მხოლოდ კონსოლიდაციით, ყველა მონაწილის მოტივირებით გვაქვს წარმატების მიღწევის შანსი. მე ვფიქრობ, რომ ბაქოს მთავარი როლია, იყოს დამაკავშირებელი განვითარებად და განვითარებულ ქვეყნებს შორის, სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის“, – განაცხადა მუხტარ ბაბაევმა.

COP29-ის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ მდგრადი მიზნების მისაღწევად საჭიროა არა მხოლოდ კლიმატის დაფინანსებაზე ფოკუსირება, არამედ კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა.

„როდესაც ვსაუბრობთ „მწვანეზე“ გადასვლაზე, ჩვენ ვსაუბრობთ მთლიანად ახალ ტიპის ეკონომიკაზე. კერძო სექტორის როლი გლობალურ კლიმატის მოქმედებაში კრიტიკულია საჭიროა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კერძო სექტორი მოდის ტექნოლოგიებით, ინოვაციებით, ამიტომ მას შეუძლია, გავლენა მოახდინოს მომხმარებელთა ქცევაზე“, – აღნიშნა გაეროს მაღალი დონის კლიმატის ლიდერმა, ნიგარ არპადარაიმ COP29-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები