აბუ-დაბი-ქუთაისი-აბუ-დაბის მიმართულებით ზამთრის სეზონზე ფრენები კვირაში 10 სიხშირით შესრულდება
საქართველოს აეროპორტების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს, აჰმედ ალნუაიმის უმასპინძლა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ირაკლი ქარქაშაძემ ელჩს დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის ტერმინალი, სანავიგაციო კოშკურა დაათვალიერებინა და აეროპორტის მუშაობის სპეციფიკა დეტალურად გააცნო.
მხარეებმა ისაუბრეს აბუ-დაბი-ქუთაისი-აბუ-დაბის მიმართულებაზე, რომლის სიხშირეებიც ნოემბრიდან გაიზრდება. ელჩმა კმაყოფილება გამოთქვა იმ ფაქტით, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქს პირდაპირი საჰაერო მარშრუტით აკავშირებს და აბუ-დაბის მიმართულება გადაყვანილი მგზავრების კუთხით, პირველ ადგილზეა.
,,მიხარია, რომ დღეს ვიმყოფები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რომელიც ძალიან ლამაზი და თანამედროვე აეროპორტია. კმაყოფილები ვართ, რომ Wizz Air Abu Dhabi, რომელიც აბუ-დაბიდან ქუთაისში ყოველდღიურად დაფრინავს, სულ მალე ფრენებს თითქმის გააორმაგებს. ეს ძალიან სასიხარულო ამბავია და გარკვეულ დღეებში ავიაკომპანია დღეში ორ ფრენას შეასრულებს,-“განაცხადა აჰმედ ალნუაიმიმ.
აბუ დაბი-ქუთაისის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები ამ ეტაპზე, ყოველდღიურად ხორციელდება, ზამთრის სეზონზე კი რეისები ქუთაისიდან აბუ დაბის მიმართულებით გაიზრდება და კვირაში 10 სიხშირით შესრულდება.
,,დღეს მქონდა პატივი მემასპინძლა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების სრულუფლებიანი ელჩისთვის. დავათვალიერებინეთ ჩვენი ინფრასტრუქტურა და ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აბუ-დაბიდან გვაქვს ყოველდღიური რეისები და 2024-2025 წლის ზამთრის სანავიგაციო სეზონზე აბუ-დაბიდან ქუთაისში პირდაპირი რეისები დღეში ორჯერ გვექნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ახლო აღმოსავლეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები ჩვენთვის ტურისტული მიმართულებით ერთ-ერთ მთავარ სეგმენტს წარმოადგენს. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულების კიდევ უფრო პოპულარიზაციისთვის,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
2024 წლის 9 თვის მონაცემებით, აბუ დაბი-ქუთაისი-აბუ დაბის მიმართულებით ავიაკომპანიაWizz Air Abu Dhabi-მა 115 ათასზე მეტი მგზავრი გადაიყვანა.