ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მარტყოფის პანსიონატში მცხოვრები ყველა ბენეფიციარი საოჯახო ტიპის სახლებში დაბინავდა
“მარტყოფის პანსიონატის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი დასრულდა – სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში მცხოვრები ყველა ბენეფიციარი ახალგახსნილ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში დააბინავა”, – შესაბამის ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, შშმ პირები ოჯახთან მიახლოებულ გარემოში იცხოვრებენ, სადაც მათი ინდივიდუალური საჭიროებები გათვალისწინებული, ინფრასტრუქტურა კი ადაპტირებულია.
“ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ირინე წაქაძე და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი, რუსუდან კოხოძე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ახალგახსნილ, მცირე საოჯახო სახლს ესტუმრნენ. ახალსოფლის საოჯახო ტიპის სახლში ზრუნვის სააგენტოს ფილიალის – მარტყოფის შშმ პანსიონატში მცხოვრები 6 ბენეფიციარი დაბინავდა. სტუმრებმა, მათი ახალი საცხოვრებელი პირობები დაათვალიერეს და ბენეფიციარებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს.
მარტყოფის შშმ პირთა პანსიონატის ყველა ბენეფიციარი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე 8 მცირე საოჯახო სახლში განთავსდა. ახალი საოჯახო სახლის გახსნა მარტყოფის შშმ პანსიონატის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის დასკვნითი ნაწილია. შესაბამისად, დასრულდა პანსიონატში მცხოვრები ყველა პირის მცირე საოჯახო ტიპის სახლებში გადაყვანის პროცესი და მარტყოფის პანსიონატში აღარ ცხოვრობენ შშმ პირები.
საქართველოში შშმ პირებისთვის განკუთვნილი დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი 2022 წლიდან, ჩეხეთის მთავრობის მხარდაჭერით, დაიწყო. შშმ პირთა პანსიონატების დეინსტიტუციონალიზაციის გეგმის შესაბამისად, მარტყოფის შშმ პირთა პანსიონატის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი 2024 წელს დასრულდა”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.