ზელენსკი: აშშ უკრაინის მხარდასაჭერად„მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას” ამზადებს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის მხარდასაჭერად„მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას” ამზადებს.
ზელენსკის ცნობით, გადაწყვეტილება უკრაინელი მეომრების დახმარების მნიშვნელოვან პაკეტებს ეხება და მის ოფიციალურად გამოცხადებას 30 დეკემბერს ელოდებიან.
ასევე, სააგენტო Reuters-ი იუწყებოდა, რომ აშშ ემზადება უკრაინისთვის კიდევ 1,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების გასაწევად, რაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ერთ-ერთი ბოლო ნაბიჯი იქნება თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნებამდე.
პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას, დაახლოებით, 62,9 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია.
დონალდ ტრამპმა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას 2025 წლის 20 იანვრიდან შეუდგება, არაერთხელ გააკრიტიკა უკრაინისთვის მასშტაბური სამხედრო დახმარების გაწევა. ტრამპი აცხადებს, რომ მისი მიზანია მოლაპარაკებებით ომის სწრაფად დასრულება.