“სურსათის ბანკის” პროექტის საპილოტე რეგიონი წყალტუბოა, გაწერილი გვაქვს, რომ წყალტუბოში სურსათით 1 000 ბენეფიციარი უნდა დავაკმაყოფილოთ” – პროექტის კოორდინატორი

“სურსათის ბანკის” პროექტის საპილოტე რეგიონი წყალტუბოა. ამის შესახებ პროექტ „სურსათის ბანკი – საქართველოს“ კოორდინატორმა, სალომე ჯაფარიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“თბილისში სურსათის მიღება იქნება, გადანაწილება კი წყალტუბოში განხორციელდება. ეს საპილოტე რეგიონია, ჯერ კიდევ პროექტის წერის დროს შერჩეული. მომავლისთვის, ვიმედოვნებთ, რომ სხვა რეგიონებშიც გავაკეთებთ. როგორც მოგახსენეთ, მე People in Need -ს წარმოვადგენ, რომელსაც წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. პროექტის ფარგლებში გაწერილი გვაქვს , რომ წყალტუბოში სურსათით 1 000 ბენეფიციარი უნდა დავაკმაყოფილოთ. სია წინასწარ გვექნება შედგენილი, რა თქმა უნდა, სურვილსაც გავითვალისწინებთ. იქნება კრიტერიუმები, რაც ბენეფიციარმა უნდა დააკმაყოფილოს, რომ სურსათი მიიღოს. ბენეფიციარები იქნებიან ადამიანები, რომლებიც ამის საჭიროების წინაშე დგანან, ან სოციალურად დაუცველები, ან ისეთი პირები, რომლებიც ამ სიაში არ არიან, მაგრამ რეალურად მოწყვლადები არიან და დამატებით დახმარებას საჭიროებენ. გასულ კვირას წყალტუბოში ვიზიტით ვიყავით. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს, მერის მოადგილეს შევხვდით. პროექტის განხორციელებაში ძალიან დიდი მხარდაჭერა აღგვითქვეს, ადგილობრივად საწყობის მოძიების პროცესში ისინიც “წითელ ჯვართან” ერთად გვეხმარებიან . ასევე ძალიან დაგვეხმარებიან ბენეფიციარების სიების შედგენაში, რადგან ადგილობრივად მათ, ასევე სოფლის გამგებლებმა უკეთ იციან, ვინ არიან რეალურად ის ადამიანები, რომლებსაც ეს სურსათი სჭირდებათ. შესაბამისად, პროცესი აქაც აქტიურად მიმდინარეობს. შემდეგი წლის დასაწყისისთვის, წესით, იქაც ყველაფერი მზად უნდა გვქონდეს, რათა მიღებული სურსათის გადანაწილება მარტივად შევძლოთ”, – განაცხადა სალომე ჯაფარიძემ.

მისი თქმით, ნოემბრისთვის, მაქსიმუმ დეკემბრისთვის “სურსათის ბანკის” საწყობი მზად იქნება.

“ჩვენ “ევროპის სურსათის ბანკების ფედერაციასთან” ვთანამშრომლობთ, რომელიც გვეუბნება, რომ საწყობი გარკვეულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს, რათა შეწირული სურსათის უსაფრთხოდ შენახვა მოხდეს. პროცესი მარტივი არაა, თუმცა, ვფიქრობთ, რომ ნოემბრისთვის , მაქსიმუმ დეკემბრისთვის საწყობი გვექნება და უკვე 2025 წლიდან, როდესაც საგადასახადო შეღავათები ამოქმედდება , ჩვენ ფუნქციონირებას, სურსათის მიღებას და ბენეფიციარებზე გადანაწილებას შევძლებთ”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები