სომხეთმა პალესტინის სახელმწიფო აღიარა

სომხეთის რესპუბლიკამ პალესტინის სახელმწიფო აღიარა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, სომხეთის რესპუბლიკა გულწრფელად არის დაინტერესებული ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებით.

„სომხეთის რესპუბლიკა კატეგორიულად გმობს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დამიზნებას, მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ძალადობას, შეიარაღებული კონფლიქტის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის მძევლად აყვანას, დატყვევებას და უერთდება საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნებს მათი უპირობოდ გათავისუფლების შესახებ.

სომხეთის რესპუბლიკა შეუერთდა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს.

ამასთან, სომხეთის რესპუბლიკა გულწრფელად არის დაინტერესებული ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებით, ებრაელ და პალესტინელ ხალხებს შორის ხანგრძლივი შერიგების დამყარებით. სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმებზე ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით პალესტინის საკითხის მშვიდობიან გადაწყვეტას და მხარს ვუჭერთ, პალესტინა – ისრაელის კონფლიქტის მოგვარებას.

დარწმუნებულები ვართ, ეს ერთადერთი გზაა პალესტინელებისა და ისრაელელებისთვის თავიანთი ლეგიტიმური მისწრაფებების რეალიზებისთვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საერთაშორისო სამართლისა და ხალხთა თანასწორობის, სუვერენიტეტისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპებისადმი ერთგულების დადასტურებით, სომხეთის რესპუბლიკა ცნობს პალესტინის სახელმწიფოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები