ისტორიული სპორტული მომენტები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალა (ნაწ.2)

სპორტის ისტორიაში არსებობს დიდებული მომენტები, რომლებმაც განსაზღვრეს არა მხოლოდ სპორტული მოვლენები, არამედ ადამიანთა ისტორიაც. ზუსტად ასეთი მომენტების წყალობით, ადამიანებს უჩნდებათ საკუთარი თავის რწმენა და ნათელი მომავლის იმედი.

1900 წლის ოლიმპიურ თამაშებამდე ქალებს უფლებას არ აძლევდნენ, მონაწილეობა მიეღოთ შეჯიბრებაში, იმ წელს კი, ტენისისა და გოლფის სახეობებში მონაწილეებად ქალი სპორტსმენები იყვნენ გამოცხადებულნი. 2012 წლის ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ქალთა კრივის დებიუტიც შედგა.

1965 წელს კასიუს კლეიმ მძიმე წონაში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მომდევნო დღეს მან განაცხადა, რომ „ისლამის ერის“ წევრია და ახალი სახელი – მუჰამედ ალი – დაირქვა. იმის გამო, რომ ცნობილმა მოკრივემ არა მხოლოდ ჯარში მსახურებაზე განაცხადა უარი, არამედ აქტიურად გამოდიოდა ვიეტნამში ომის წინააღმდეგ, მას ჩემპიონის ტიტული, შეჯიბრებაში მონაწილეობის ლიცენზია და პასპორტი ჩამოართვეს, რის გარეშეც ქვეყნის დატოვება არ შეეძლო.

1947 წლის აპრილში ბეისბოლისტმა, ჯეკი რობინსონმა ხელი მოაწერა კონტრაქტს „ბრუკლინ დოჯერსთან“ და გახდა მთავარ ლიგებში მოთამაშე პირველი შავკანიანი ამერიკის ისტორიაში. სიკვდილის მუქარისა და სხვა მოთამაშეებისგან მუდმივი დისკრიმინაციის მიუხედავად, რობინსონმა, თავისი ნიჭითა და შრომისმოყვარეობით, გამორჩეული სპორტული კარიერა შეიქმნა.

1973 წლის 20 სექტემბერს ქალთა ჩოგბურთის ვარსკვლავმა, ბილი ჯინ კინგმა იასპარეზა მსოფლიოს ყოფილ პირველ ნომერ ბობი რიგსთან, რომელიც ქალთა ჩოგბურთს სერიოზულად არ უყურებდა თვლიდა, რომ მას  მოედანზე ნებისმიერი ქალის დამარცხება შეეძლო. კინგმა რიგსი დაამარცხა და ჯილდოც მიიღო – $100,000.

კანადელმა სპორტსმენმა (წარმოშობით იამაიკელმა), ბენ ჯონსონმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა ფინალურ რბოლაში 1988 წელს სეულში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე. თუმცა, სამი დღის შემდეგ სპორტსმენს სტეროიდების გამოყენება დაუდგინეს და ტიტულები გაუუქმეს. ჯონსონს წლების შემდეგ ბარსელონას ოლიმპიადაზე ასპარეზობის უფლება მიეცა, მაგრამ აკრძალული ნივთიერებების გამოყენების გამო, კვლავ დისკვალიფიკაცია მიიღო. 1993 წელს ის სამუდამოდ დისკვალიფიცირებულ იქნა სპორტიდან.

ამერიკის ქალაქ ავგუსტას ეროვნული გოლფის კლუბი არ იღებდა შავკანიან მოთამაშეებს 1975 წლამდე. 1997 წელს 21 წლის ტაიგერ ვუდსმა მოიგო მასტერსის ტურნირი, რომელიც ამ გოლფის კლუბში გაიმართა.

ნაწ.2

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები