ვის უნდა ჰქონდეს ფარულ მოსმენებზე წვდომის გასაღები?

მსოფლიო პრაქტიკაში არის 3 მოდელი, რომელიც არეგულირებს საკითხს, თუ ვის უნდა ჰქონდეს ფარულ მოსმენებზე წვდომის გასაღები, – ამის შესახებ გაზეთ „რეზონანსთან“ ინტერვიუში ფარული ჩანაწერების საკითხზე მომუშავე კომისიის წევრი ვახტანგ ხმალაძე აცხადებს. მისივე თქმით, კომისია არსებული მოდელების შესახებ მომავალ კვირას იმსჯელებს.
„ერთი მოდელია ის, რაც ჩვენთან დღემდეა და ასევე არის რამდენიმე ქვეყანაში, როდესაც თავად ის უწყება ახორციელებს ფარულ მოსმენებზე მიერთებას, რომელიც გამოძიებას ატარებს. მეორე სქემა უფრო გავრცელებულია – ის გულისხმობს იმას, რომ თავად „ჯი-ეს-ემ“ ოპერატორები და ინტერნეტპროვაიდერები ახორციელებენ ჩართვას ამ მოსმენაზე. მესამე სქემის მიხედვით კი, რაც ასევე იშვიათად გამოიყენება – ასეთ ჩართვას აკეთებს ცალკე სახელმწიფო ორგანო, რომელსაც არ აქვს არანაირი გამოძიების, ანალიზის უფლება, უბრალოდ ტექნიკურად ასრულებს მოსამართლის მიერ გაცემულ განჩინებას. ამაზე საუბარი გვექნება მომავალ კვირაშიც და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, მანამდე კი თავს შევიკავებ იმის გაცხადებისგან, თუ რომელი მოდელია პირადად ჩემთვის მისაღები“, – აცხადებს ხმალაძე.
კომისიის კიდევ ერთი წევრის კახა კოჟორიძის განმარტებით, უცხოელი ექსპერტების პოზიცია აქამდე მათ პოზიციას ემთხვეოდა.
„ჯერჯერობით ჩვენი პოზიცია ამ საკითხზე არის ის, რომ ე.წ. გასაღები უნდა იყოს მობილური ოპერატორების ხელში. თუმცა, კომისიის წევრები ასევე არიან შსს-სა და სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები, რომელთაც განსხვავებული პოზიცია აქვთ, თვლიან, რომ ფარული მოსმენების უფლება ისევ შსს-ს უნდა დაუტოვონ. ასე რომ, ამ საკითხზე დისკუსია გრძელდება“, – აცხადებს კოჟორიძე.
კომისიის ყოფილი წევრი კახი კახიშვილი კოლეგების პოზიციას არ იზიარებს. მისი თქმით, საუბარი იმაზე, რომ ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებს ჰქონდეთ მოსმენების ექსკლუზიური უფლება, არასწორი გადაწყვეტილება იქნება, რადგან მათ მფლობელ ქვეყნებს საქართველოს მიმართ გარკვეული ინტერესები აქვთ.
„მაშინ, როდესაც სახელმწიფო უშიშროების სამსახური სუსტია და ჯერჯერობით ძალიან ბევრი მუშაობაა საჭირო, რომ გაძლიერდეს, ქვეყნის უსაფრთხოება ფარული მოსმენების განხორციელების უფლების მიცემა „ჯი-ეს-ემ“ პროვაიდერებისთვის არასწორია. მით უფრო, რომ უშიშროების სამსახურებს არ გააჩნიათ კონტროლის სრული მექანიზმები. ცნობილია, რომ საქართველოში მობილური კომპანიები უცხოეთის წარმომადგენლები არიან. ვერავინ დამაჯერებს, რომ ამ „ჯი-ეს-ემ“ ოპერატორების კომპანიაში არ მუშაობენ ადამიანები, რომლებიც არ წარმოადგენენ ქვეყნის სპეცსამსახურებს. „ჯეოსელი“ თურქული კომპანიაა, „ბილაინი“ – რუსული, „მაგთი“ კი ნახევრად ამერიკული და ახლა საუბარი იმაზე, რომ ამ კომპანიებს ჰქონდეთ მოსმენების ექსკლუზიური უფლება, ჩემი აზრით, არასწორი გადაწყვეტილება იქნება, ვინაიდან სამივე ქვეყანას ძალიან სერიოზული ინტერესი გააჩნია საქართველოსთან მიმართებაში. როგორ წარმოგიდგენიათ, ამ კომპანიებს მივცეთ ექსკლუზიური მოსმენების საშუალება?! მართალია, ოპონენტი იტყვის, რომ შსს-ს მიმართვის საფუძველზეო, მაგრამ ვინ განახორციელებს კონტროლს, როგორ იყენებენ ეს ოპერატორები მოსმენის საშუალებებს?“, – აცხადებს ექსპერტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები