“ფეხითმოსიარულეთა გარდაცვალების ფაქტები ყოველწლიურად მატულობს, მნიშვნელოვანია, ყურადღება ფეხითმოსიარულეთა პრობლემაზე გავამახვილოთ”- ირაკლი იზორია გაერო-ს საგზაო უსაფრთხოების კვირეულის შესახებ

„საგზაო ინფრასტრუქტურის ასოციაციის“ თავმჯდომარის, ირაკლი იზორიას განცხადებით, ფეხითმოსიარულეთა გარდაცვალების ფაქტები ყოველწლიურად მატულობს, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყურადღება ფეხითმოსიარულეთა პრობლემებზე გამახვილდეს.
ამის შესახებ იზორიამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში გაერო-ს გლობალური საგზაო უსაფრთხოების მერვე კვირეული იმართება, რომლის მთავარი თემა ფეხით და ველოგადაადგილების უსაფრთხოებას ეხება.

“2024 წლის მონაცემებს თუ ავიღებთ, სტატისტიკა სიჩქარის გადაჭარბების მიმართულებითაა გაზრდილი. 2023 წელს, 95 ფეხითმოსიარულე და სამი ველოსიპედისტი გარდაიცვალა, 2024-ში კი 101 ფეხითმოსიარულე და სამი ველოსიპედისტი. ანუ , ფაქტობრივად, ფეხითმოსიარულეთა გარდაცვალების ფაქტები ყოველწლიურად მატულობს, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყურადღება ფეხითმოსიარულეთა პრობლემაზე გავამახვილოთ. ჩვენ ვიცით, რომ ევროპული ქალაქები მობილობის გაძლიერებაზე გადადიან, ანუ მობილობა ფეხით სიარულის, ველოგადაადგილების განვითარებას და წახალისებას გულისხმობს, რათა ქალაქები უფრო სოციალური, უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ. ვიცით, რომ ავტომობილების ნაკადების ზრდამ ძალიან ბევრი ევროპული ქალაქი შეაფერხა, აქედან გამომდინარე, სივრცეები ავტომობილებისაგან გათავისუფლდა და ადამიანებს დაეთმო, ანუ ავტომფლობელებს, ფეხითმოსიარულეებს და ველოსიპედისტებს შორის გზების სამართლიანი გადანაწილება მოხდა.

გაერო-ს გლობალური კვირეული ამ მობილობის წახალისებას გულისხმობს. გვინდა, რომ გარდაცვალების ფაქტები შემცირდეს იმ ჩარევებით, როგორიცაა გზების უსაფრთხო დიზაინის მოწყობა, მეტი გადასასვლელები ფეხითმოსიარულეებისთვის და უსაფრთხო ინფრასტრუქტურის შექმნა. აქვე მინდა, ვთქვა, რომ ფეხითმოსიარულეებისთვისაც მნიშვნელოვანია, ქვეყანამ სოციალური კამპანიები აწარმოოს, რადგან არა მარტო მძღოლი, არამედ ხშირ შემთხვევაში ფეხითმოსიარულეც დამნაშავეა, როცა ის არასწორ ადგილზე გადადის, საგზაო მოძრაობის წესებს არ ემორჩილება. ამიტომ, მძღოლსა და ფეხითმოსიარულეს შორის თანაზიარი პასუხისმგებლობა უნდა იყოს, მაქსიმალურად მეტი სოციალური კამპანიაა საჭირო.

გარკვეული წლების წინ გვახსოვს, რომ სოციალური კამპანიები იყო: როცა ფეხითმოსიარულე გზაზე არასწორ ადგილას გადადიოდა, პატრული აჩერებდა და სპეციალურ ოთახში მიჰყავდა, აყურებინებდნენ იმ საშინელ კადრებს, როცა ფეხითმოსიარულე წესს არღვევდა და საგზაო შემთხვევები ხდებოდა. თუმცა, ეს იყო რამდენიმეთვიანი, კამპანიური ხასიათის, ამის მერე მსგავსი სოციალური კამპანიები არ ყოფილა, რაც ძალიან ცუდია. 10 ლარი არის ჯარიმა არასწორად გზაზე გადასვლაზე, მაგრამ მხოლოდ ჯარიმა არაფერს ნიშნავს, თუ აღსრულება არ იქნება. დღევანდელ პერიოდში საპატრულო პოლიციას ფეხითმოსიარულეების მიმართ აღსრულების განხორციელება ძალიან უჭირს, იმიტომ რომ მათ ისედაც ძალიან ბევრი რამე ევალებათ. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ფეხის პატრულის კომპონენტი გაიზარდოს, მეტი კონტროლი მოხდეს ისეთ უბნებში, სადაც საგანმანათლებლო დაწესებულებებია, სკოლებთან, ან უნივერსიტეტებთან გზაზე გადარბენის ფაქტები და საგზაო შემთხვევები ხშირად ხდება. ასევე ვფიქრობ, თავისი წილი პასუხისმგებლობა, ქალაქმაც, დედაქალაქის მმართველობამ უნდა აიღოს და სხვადასხვა სატელევიზიო არხის საშუალებით, ეს იქნება სოციალური რგოლები, თუ სატელევიზიო გადაცემები მოსახლეობას მეტი სოციალური კამპანია შესთავაზოს. სხვათა შორის, აქვე დავძენ, რომ ჩვენთან , თბილისში შერეული ტიპის შუქნიშნებია, როდესაც მძღოლისთვის მწვანე ინთება, ასევე ის ფეხითმოსიარულისთვისაც ინთება. ეს ბევრმა მძღოლმა არ იცის და სამწუხაროდ, ბევრი საგზაო შემთხვევა ხდება, მძღოლს ჰგონია, რომ თავისი გზაა”- განაცხადა იზორიამ.

მისივე თქმით, თანამედროვე ქალაქების მიდგომები უნდა იქნას გამოყენებული, რათა ფეხითმოსიარულეებისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემო შეიქმნას.

“რაც შეეხება მიწისქვეშა გადასასვლელებს: საერთოდ, თანამედროვე ქალაქების მიდგომები ითვალისწინებს არა მიწისქვეშა, არამედ ჩვეულებრივ, ე.წ. “ზებრა” გადასასვლელებს. კვლევებით დადასტურებულია, რომ ადამიანების 70 % არ სარგებლობს მიწისქვეშა გადასასვლელებით, არ ჩადიან იქ, შეიძლება ბავშვს ერჩივნოს, რომ გზაზე გადაირბინოს, იგივეა მოხუცებთან, შშმ პირებთან დაკავშირებით. ამიტომ, უფრო თანამედროვე ქალაქები ითვალისწინებენ ისეთ დიზაინს, სადაც “ზებრა” გადასასვლელები მეტია. ბოლო პერიოდში, თბილისში, ცენტრში რამდენიმე ადგილას როდესაც მიწისზედა გადასასვლელები აიღეს, და ” ზებრები” გაკეთდა, ამან ფეხითმოსიარულეთა გადაადგილების და გზის სწორად გადაკვეთის მაჩვენებელი მკვეთრად შეცვალა. ვფიქრობ , რომ თანამედროვე ქალაქების მიდგომა უნდა იქნას გამოყენებული და ფეხითმოსიარულეებისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემო უნდა შევქმნათ”- განაცხადა იზორიამ.

მისივე თქმით, გაერო-ს საგზაო უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში აღნიშნულ თემებზე მომუშავე ორგანიზაციები ადგილობრივი წარმომადგენლობების მხარდაჭერით 15 მაისს კონფერენციას გამართავენ, სადაც შეკრებილები იქნებიან გადაწყვეტილების მიმღები მხარეები, სამოქალაქო ორგანიზაციები, გაერო-ს წარმომადგენლობა. როგორც იზორიამ აღნიშნა, საუბარი იქნება საგზაო უსაფრთხოების იმ პრობლემატიკაზე, რაც ფეხით გადაადგილებისა და ველოგადაადგილების მიმართულებით არსებობს.

“მოგეხსენებათ, გაერო მთელს მსოფლიოში, გლობალურად საგზაო უსაფრთხოების კვირეულს ყოველ წელიწადს ატარებს. კვირეულის წლევანდელი გზავნილია: “ქუჩები სიცოცხლისთვის, გავხადოთ ველო და ფეხით გადაადგილება უსაფრთხო.” მოგეხსენებათ, წელს მაროკოში საგზაო უსაფრთხოების გლობალური კონფერენცია ჩატარდა, სადაც პრიორიტეტი მიენიჭა ფეხით სიარულის, ველობილიკების განვითარებას, ასევე მულტისექტორულ თანამშრომლობას, როდესაც მხარეები, როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი მთავრობები, სამოქალაქო საზოგადოება, მოქალაქეები თანხმდებიან იმაზე, რომ მობილობა, ფეხით სიარული, ველოსიპედით გადაადგილება უნდა განვითარდეს. წელს კვირეულიც ამ თემებს ეთმობა და 12-18 მაისს გაიმართება. ორგანიზაციები ადგილობრივი წარმომადგენლობების მხარდაჭერით 15 მაისს კონფერენციას გავმართავთ, სადაც შეკრებილები იქნებიან გადაწყვეტილების მიმღები მხარეები, სამოქალაქო ორგანიზაციები, გაეროს წარმომადგენლობა. საგზაო უსაფრთხოების იმ პრობლემატიკაზე ვისაუბრებთ, რაც ფეხით გადაადგილებისა და ველოგადაადგილების მიმართულებით არსებობს. მსოფლიოში, გლობალურად 1 200 000 ადამიანი იღუპება [ავტოსაგზაო შემთხვევების დროს]. ყველაზე მეტი მაჩვენებელი 5-დან 29 წლამდე ახალგაზრდებშია. ყოველი 4 გარდაცვალების ფაქტიდან 1 ფეხით მოსიარულე , ან ველოსიპედისტია.
ვეცდებით, საქართველოში ამ კვირეულის ფარგლებში საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე ხმა გავაჟღეროთ. მოგეხსენებათ, კვირეულს რამდენიმე ორგანიზაცია მართავს, ერთ-ერთი ჩვენი ასოციაციაა, რომელიც სულ რამდენიმე თვეა დაარსდა და რომლის თავმჯდომარეც გახლავართ. ამ ასოციაციის მიზნებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, საგზაო უსაფრთხოების საკითხებს მხარი დავუჭიროთ. ასოციაციის მიზნები ზუსტად საგზაო უსაფრთხოების განვითარებას ემთხვევა. თუ ინფრასტრუქტურა განვითარებული, გზების დიზაინი კარგად მოწესრიგებული არ იქნება, შეიძლება, საგზაო შემთხვევების ფაქტები ყოველთვის დაგვიდგეს. ასოციაცია ეცდება, თანამედროვე მიდგომებით, განათლების ხარისხის აწევით სხვადასხვა პროექტი განახორციელოს, ამ კვირეულის ფარგლებში თავის ხედვას წარადგენს.
კვირეულის ფარგლებში ბევრი სტუმარი გვყავს მოწვეული, იქნებიან წამყვანი უწყებები, რომლებიც საგზაო უსაფრთხოების სფეროში აქტიურად მუშაობენ ( სხვადასხვა სამინისტროს ვგულისხმობ) , ასევე მერიის წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, ყველას ექნება საშუალება, კონფერენციაზე თავის აზრი დააფიქსიროს”- განაცხადა იზორიამ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები