გიორგი გობრონიძე: ტრამპი რუსეთისა და ჩინეთის გარდა, არც ერთ ქვეყანას არ მიიჩნევს ანგარიშგასაწევ ძალად
“ზელენსკის მოუწევს იმ დღის წესრიგის მიღება, რომელზე მოსკოვი და ვაშინგტონი შეთანხმდებიან”, – ამის შესახებ, უსაფრთხოების საკითხების მკვლევარი, გიორგი გობრონიძე, გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, ტრამპი რუსეთისა და ჩინეთის გარდა, არც ერთ ქვეყანას არ მიიჩნევს ანგარიშ გასაწევ ძალად.
“სინამდვილეში ტრამპი და პუტინი იმაზე შეთანხმდნენ, რომ მომავალში რაღაცაზე შეთანხმდებიან. ოპტიმიზმს არავის ვუკარგავ, მაგრამ რუსეთს ახლა არ აწყობს სამშვიდობო შეთანხმება. იმიტომ, რომ დღეს უკრაინას ფრონტის ხაზზე ძალიან უჭირს და ინიციატივა რუსეთის ხელშია. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სუსტ მხარეს შესაძლებლობას აძლევს გადააჯგუფოს ძალები, მიიღოს დამატებითი დახმარება, გააუმჯობესოს პოზიციები, გააანალიზოს შეცდომები და ამით საქმე გაურთულოს აგრესორს. ეს იცის პუტინმა და ამიტომაც უარს ამბობს ცეცხლის შეწყვეტაზე. ძალიან ირონიულია განცხადება, ტრამპთან შეთანხმების საფუძველზე 30 დღის განმავლობაში ენერგეტიკულ ობიექტებს არ დავარტყამო, იმიტომ, რომ უკრაინის ინფრასტრუქტურის 80% ისედაც განადგურებულია. რა გამოდის? უკრაინას შეეზღუდება რუსეთის ენერგოობიექტების განადგურება, მაშინ როდესაც საომარი მოქმედებები ჩვეულებრივად გაგრძელდება. რასაც უკრაინას სთავაზობენ, კაპიტულაციაა. ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ ჰაველმა სწორად თქვა, აგრესორის პირობებით “მშვიდობას” კაპიტულაცია ჰქვიაო.
ომი წელს რომ არ დამთავრდება, ცხადია. სამწუხაროდ, მე ოპტიმისტური დასკვნის საფუძველს ვერ ვხედავ. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ უკრაინა წააგებს ომს და რუსეთი დაიწყებს მანიპულირებას დასავლეთით. პუტინი ხედავს, რომ კოლექტიურ დასავლეთში ერთობა აღარ არსებობს, ევროკავშირსა და ამერიკას შორის დიდი ბზარია. რთულია, ენდო სტრატეგიულ პარტნიორს, რომელიც ხელისუფლების ცვლილების დროს 180 გრადუსით ატრიალებს თავის პოლიტიკას. ყოველთვის იქნება რისკი, რომ ტრამპი, ან ტრამპზე უარესი მოვიდეს ხელისუფლებაში. რა გააკეთა ტრამპმა? კრიზისში მყოფი ევროპა მარტო დატოვა, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ყველაზე დიდი ომი და პოლიტიკური დღის წესრიგის გაშლა იმ ვერბალიზაციით დაიწყო, რომ თურმე კანადა უნდა იყოს ამერიკის 51-ე შტატი, გრელანდიაც სჭირდება, რადგან კუნძულის სტრატეგიული მდებარეობა მსოფლიო უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა… უკვე გასაგებია, რომ ტრამპი, პუტინივით აზროვნებს – “ცივი ომისა” და გავლენის სფეროების კატეგორიებით. მისი განცხადებები იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ ცდილობს მსოფლიო გადაუნაწილოს ძირითად აქტორებს – ამერიკას, რუსეთსა და ჩინეთს.
ზელენსკის მოუწევს იმ დღის წესრიგის მიღება, რომელზეც მოსკოვი და ვაშინგტონი შეთანხმდებიან. ამერიკას რაც უნდოდა, ყველაფერზე მოაწერინა ხელი უკრაინის პრეზიდენტს, ასე იქნება მომავალშიც. ეს იმიტომ მოხდა, რომ როგორც ტრამპმა თქვა, ზელენსკის არა აქვს კოზირები, არა აქვს უპირატესობა. სამწუხაროდ, ამ ტიპის მოლაპარაკებებში ძალის პრიმატია გადამწყვეტი, ზელენსკის არა აქვს ძალა ამერიკის გარეშე. ევროპა სანამ ჩამოყალიბდება ცალკე სამხედრო ძალად,რუსეთს ახლა აქვს ძალიან კარგი შეტევითი პოზიციები და სანამ ევროპა საქმეზე გადავა, დაიკარგება ის ძვირფასი დრო, რომელიც უკრაინას არა აქვს. საკითხავია, რამდენად არის მზად ევროპის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, რომ უკრაინა უზრუნველყოს შესაბამისი იარაღით, რამდენად არის ამის პოლიტიკური ნება და ხომ არ გადაიყოლებს ეს ევროპის მთავრობებს. საზოგადოების ნაწილი, მაგალითად, გერმანია არ არის აღფრთოვანებული უკრაინის დახმარებით, რაც იწვევს მემარჯვენე ფლანგის გაძლიერებას, და ეს სჭირდება რუსეთსაც. ვგულისხმობ, გერმანელი ულტრამემარჯვენეების, “ალტერნატივა გერმანიისთვის” ლიდერის, ალის ვაიდელის პოზიციის გაძლიერებას.
ტრამპი რუსეთისა და ჩინეთის გარდა, არც ერთ ქვეყანას არ მიიჩნევს ანგარიშგასაწევ ძალად. ევროპა გლობალური პოლიტიკის პერიფერიაში გადავა თუ ლიდერები დროულად არ დაიწყებენ კონსოლიდაციას. ევროპას ნამდვილად აქვს იმის რესურსი, რომ შედგეს ძალის მეოთხე ცენტრად, ამერიკის, რუსეთისა და ჩინეთის პარალელურად, თუმცა ამისთვის ბევრი რამ უნდა გადააფასონ, უპირველესად უნდა მიხვდნენ, რომ მათთვის ტრადიციულ კომფორტში ვეღარ იცხოვრებენ. მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ ერთიანობა არა აქვთ, სადაც პოლონეთი საუბრობს, შეიარაღებული ძალების გაორმაგებაზე, გერმანია, თავდაცვის ძალების ბიუჯეტის გახუთმაგებაზე და საფრანგეთი, ევროპაზე თავისი ბირთვული ქოლგის გადაფარებაზე, იქვე იტალია, უნგრეთი და სლოვაკეთი ამ ყველაფერს ემიჯნება. მათივე მსგავსია ესპანეთისა და პორტუგალიის პოზიციები. ასეთი დაქსაქსულობის გამო შესაძლოა მალე ვიხილოთ ევროკავშირის ფრაგმენტაცია პაციფისტებად და მილიტარისტებად.
ამ ომის დასრულების შემთხვევაში რუსეთი, დიდი ზიანის მიუხედავად, ძალიან დიდ სარგებელს მიიღებს. მის ხელში გადავა უკრაინული ტერიტორიები და მიიღებს სამხედრო ძალას, რომელსაც სამი წელია სანგრებში სძინავს. რუსი ჯარისკაცები სამხედრო გამოცდილებას ამერიკელებივით და ევროპელებივით პარტიზანების დევნაში კი არ იღებენ, არამედ ყველაზე ბრძოლისუნარიან სამხედრო ძალასთან დაპირისპირებაში. უკრაინელებმა ნამდვილად დაამტკიცეს, რომ არც ერთი ევროპული არმია არ არის მათსავით ბრძოლისუნარიანი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რუსს შეუძლია იცხოვროს ნაგავში და უხაროდეს, რომ აქვს კარგი ბომბი. თუ მას კარგი არმია ეყოლება და დაკმაყოფილდება მისი იმპერიალისტური ამბიციები, არაფერზე იდარდებს. შესაბამისად, ომის დასრულების შემდეგ რუსეთი გადაიქცევა საშინელ საფრთხედ ევროპისთვის, დასავლეთისთვის. რუსეთის ერთადერთი პრობლემა ჩინეთზე დამოკიდებულებაა, რომელიც იზრდება.
ჩვენ უკვე გვყავს კბილებამდე შეიარაღებული ჩინეთის ერთი სატელიტი – ჩრდილოეთ კორეა. ძალიან მალე გვეყოლება მეორეც, რომელიც, რა თქმა უნდა, მთლად ჩრდილოეთ კორეის მსგავსი სატელიტი არ იქნება, მაგრამ არსებობს საფრთხე, რომ ჩინეთი და რუსეთი ერთ, შედუღებულ ძალად ჩამოყალიბდნენ, რაც დიდი საფრთხეა დასავლეთისთვის. ასეთ შემთხვევაში ევროპულ დემოკრატიას ძალიან გაუჭირდება გადარჩენა. კიდევ უარესი სცენარი შეიძლება განვითარდეს რუსეთისა და ჩინეთის ერთიან ღერძში ინდოეთისა და ცალკეული ლათინური ქვეყნების ინკორპორირებით და მძიმე ბრძოლა გაიმართება ბიპოლარულ მსოფლიოში დემოკრატიულ და ავტორიტარულ სამყაროებს შორის, მით უფრო, რომ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის სიტუაციური მოკავშირის შთაბეჭდილებას უფრო ტოვებს, ვიდრე ევროპის. ერთადერთი, რასაც რუსეთი ამ შემთხვევაში დაკარგავს, ის არის, მოსკოვს შეეზღუდება საგარეო პოლიტიკური ავტონომიურობა ჩინეთის სასარგებლოდ.
პრობლემა ის არის, რომ რუსეთი ვერ აცნობიერებს, რამდენად დიდი საფრთხე შეიძლება იყოს მისთვის ჩინეთი. სხვათა შორის, ამას ვერც დასავლეთი აცნობიერებს, იმიტომ, რომ ძალიან დააგვიანდა ჩინეთის შეკავებაზე ფიქრი. თქვენ შეგიძლიათ ერთმანეთს შეადაროთ ჩინური და ამერიკული მეგაპოლისები და სხვაობას თითქმის ვერ ნახავთ, თუ ნახავთ, ჩინეთის სასარგებლოდ. ჩვენ იმასაც კი მოვესწარით, რომ ჩინელები გახდნენ გერმანული ავტოქარხნების უმსხვილესი აქციონერები. პირდაპირ გეტყვით – ჩინეთის ეკონომიკური შეღწევა დასავლეთში გარდაუვალია. ჩინეთი გადაიქცევა ახალ გლობალურ ძალად, რუსეთი კი ჩამოყალიბდება აგრესიულ რეგიონულ ძალად, რომელიც საფრთხე იქნება მისი ყველა მეზობლისთვის. პირველ რიგში დასავლეთისთვის, იმიტომ, რომ სამხრეთში მოსკოვს მეტ-ნაკლებად დალაგებული აქვს სიტუაცია. პუტინს გაუჩნდება ცდუნება, შეამოწმოს რამდენად მუშაობს ნატოს მეხუთე მუხლი. ამისთვის იდეალური სამიზნეა ბალტიისპირეთი. ბევრი პოლონეთს ვარაუდობს, მაგრამ ის მაინც დიდი და რთულად დასაპყრობი ქვეყანაა”, – აცხადებს მკვლევარი.
კითხვაზე – “ფიქრობთ, რომ ეს საფრთხეები ვაშინგტონში არა აქვთ გათვლილი?” – პასუხობს, რომ გათვლილი აქვთ.
“ძალიანაც კარგად აქვთ გათვლილი, მაგრამ ტრამპს ევროპის ბედი არ აინტერესებს. თუ გახსოვთ, ზელენსკის თეთრ სახლში ვიზიტისას თქვა, საჭიროების შემთხვევაში პოლონეთს დავიცავო, მაგრამ როდესაც ბალტიისპირეთზე დაუსვეს კითხვა, პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა. აქედან გამომდინარე, გასაგებია ბალტიისპირეთის ქვეყნების შფოთვა, მათ კარგად ესმით, თუ რუსეთისთვის დღის წესრიგში დადგება ნატოს ქვეყნები, პირველად ბალტიისპირეთის სამი სახელმწიფო აღმოჩნდება სამხედრო აგრესიის ობიექტი. სანამ ნატოს მინისტერიალი შეიკრიბება და გადაწყვეტილებას მიიღებს, რუსეთი სამხედრო ოპერაციას დაამთავრებს. რაც შეეხება საქართველოს, გავაკეთებთ იმას, რასაც მოსკოვიდან გვიკარნახებენ იმიტომ, რომ ევროპის უსაფრთხოების პოლიტიკა ჩავარდა ახლო აღმოსავლეთში, აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში…
მესმის, რომ დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანაში დღეს არსებული მდგომარეობის გამო, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ევროპელი ლიდერების “წყალობით” უკვე 30 წელია ევროკავშირის ღია კარში ვდგავართ როგორც მათხოვრები. ერთხელ შევარდნაძემ ძალიან სწორად შენიშნა, ღია კარში დიდხანს დგომამ გაცივება იცისო. ამდენი ხანია, ეს პროცესი ვერ დაიძრა, ხან რა მიზეზი მოიგონეს, ხან რა… ბალტიისპირეთმა საქართველო გააკრიტიკა, რუსეთს სანქციები რატომ არ დაუწესეთო? რუსეთს ჩვენი ორი რეგიონი აქვს ოკუპირებული, მაგრამ ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობის გამო მაინც ვერ დავუწესეთ. 2008 წელს არავის ულაპარაკია სანქციების დაწესებაზე. გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი დღემდე “გაზპრომის” წარმომადგენელია. ევროპამ ორმაგი სტანდარტით საკუთარი თავიც დაღუპა და მის იმედზე მყოფი ქვეყნებიც. მე მაინტერესებს, ჩვენ რომ გვთხოვდნენ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, უკრაინისთვის შეიარაღების გაგზავნას და ა.შ., უსაფრთხოების გარანტიას გვაძლევდნენ? თუ გახსოვთ, იყო საუბარი, თქვენი საბჭოთა შეიარაღება უკრაინას მიეცით და ახალს მოგცემთო. წარმოიდგინეთ, უკრაინისთვის, რომ გაგვეგზავნა 200 ტანკი, თ-72 და მიგვეღო 200 “ლეოპარდი”. ომი რომ დამთავრდება და მილიონიანი არმიისა და უდიდესი საბრძოლო გამოცდილების მქონე რუსეთი ჩვენ რომ შემოგვიბრუნდება შურის საძიებლად, დასავლეთი დაგვიცავს? ერთი უკრაინა დაიცვა, მეორეს ჩვენ დაგვიცავს. სამი წლის განმავლობაში ვერ გადაწყვიტეს, უნდა დახმარებოდნენ თუ არა უკრაინას და რამდენად”, – განაცხადა გობრონიძემ.