ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
ბრემენის უნივერსიტეტსა (გერმანია) და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას ბრემენის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კონრად ვოლფმა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ ლაზარაშვილმა მოაწერეს ხელი.
მიმდინარე წლის 6-8 მაისს, გერმანიაში, ბრემენის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვევით აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) დელეგაცია იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ბრემენის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან, უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის დეკანებთან, სამეცნიერო და საერთაშორისო მიმართულებების ხელმძღვანელებთან. მხარეები შეთანხმდნენ ფართო და ინტენსიურ თანამშრომლობაზე, როგორც სტუდენტების გაცვლასა და ERASMUS+ პროგრამებში ერთობლივ მონაწილეობაზე, ასევე, სამეცნიერო და აკადემიური პერსონალის ჩართულობით ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის დელეგაციას უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი კახაბერ ლაზარაშვილი, აკადემიური კოლეგიის თავმჯდომარე, პროფესორი დავით ჩერქეზიშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, თეონა ხაჩიძე წარმოადგენდა.
აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებს მიმდინარე წლის ოქტომბრის თვიდან შეეძლებათ ბრემენის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება. ასევე, მხარები შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე წლის 24-26 ივნისს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გასამართ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში ბრემენის უნივერისტეტი აქტიურად იქნება წარმოდგენილი.