“აშშ-ის პრეზიდენტისადმი ირაკლი კობახიძის წერილი არის გაცხადებული სურვილი, აღვადგინოთ ის მნიშვნელოვანი სტრატეგიული თანამშრომლობა, რომელიც ათწლეულებია, საქართველოსა და ამერიკას აქვს” – წილოსანი
“ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისადმი ირაკლი კობახიძის ღია წერილი არის ხმამაღლა გაცხადებული სურვილი, აღვადგინოთ და ნორმალურ რეჟიმში მოვიყვანოთ ის მნიშვნელოვანი სტრატეგიული თანამშრომლობა, რომელიც, ათწლეულებია, საქართველოსა და ამერიკას აქვს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისი თქმით, “წერილში
ღიად არის გაცხადებული უსამართლობის გამოხატულებები, რომლებიც საქართველოსთან დამოკიდებულებაში ხდება, მათ შორის, ბოლო დროს განვითარებული პროცესები”.
“ვგულისხმობ ირონიულად „მეგობრობის აქტად“ წოდებული ყველანაირად მტრული განწყობებით გამსჭვალულ აქტს, რომელიც, სამწუხაროდ, ამერიკის კონგრესმა მიიღო. ამავდროულად, არის სურვილი, რომ, საბოლოო ჯამში, დაძლეული იყოს გავლენები, რომლებიც გარკვეულ პოლიტიკურ პროცესებს წარმართავს. ვხედავთ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გაფუჭებული, დაშავებული, მათ შორის უსამართლოდ გადადგმული ნაბიჯები, სამწუხაროდ, ამ ეტაპამდე, ამ რეალობაშიც არ არის გამოსწორებული. ამიტომ ღია წერილი ემსახურება კიდევ ერთხელ საჯაროდ, ხმამაღლა განცხადებას, რომ საქართველო რჩება აშშ-ის ერთგული პარტნიორი, თუმცა მოველით სამართლიან დამოკიდებულებას“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დონალდ ტრამპსა და ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართა.