“პირველი პრობლემა, რაც ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით გვიდგას, სიჩქარის გადაჭარბებაა “- ირაკლი იზორია
„საგზაო ინფრასტრუქტურის ასოციაციის“ თავმჯდომარის, ირაკლი იზორიას განცხადებით, ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით პირველი პრობლემა, სიჩქარის გადაჭარბების ფაქტებია. ამის შესახებ იზორიამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
“გასულ წელს [ავტოსაგზაო შემთხვევების გამო] 444 ადამიანი დაიღუპა და 7 500-ზე მეტი ადამიანი მძიმედ დაშავდა. სხვა მსუბუქი შეჯახებები ძალიან ბევრი, 30 000-ზე მეტია, თუმცა მე ვლაპარაკობ შემთხვევებზე, როცა ადამიანების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. 2024-ში წინა წელთან შედარებით დაშავებულების მაჩვენებელი, ფეხითმოსიარულეთა სიკვდილიანობა, სიჩქარის გადაჭარბებით გამოწვეული საგზაო შემთხვევები გაიზარდა, ანუ პრობლემები მაინც არსებობს და იზრდება. ზუსტად ამიტომ , ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებთ სიჩქარის მენეჯმენტისა და კონტროლისკენ. ეს [სიჩქარის გადაჭარბება] პირდაპირ არის მიბმული სიკვდილიანობაზე როგორც საქართველოში, ასევე გლობალურად. არ გვაქვს სიჩქარის სწორი ლიმიტები, ურბანულ დასახლებაში, ქალაქის შიგნით ევროპის არცერთ ქვეყანაში არ არის დაშვებული 60 კმ/სთ, ყველგან 50-ია. ჩვენთან 60-ია, პლუს 15 კმ/სთ საპატიებელი გარემოებაა. 75 კმ/სთ-ით გადაადგილება წარმოუდგენელია. ასევე სიჩქარის გადაჭარბების ფაქტებზე მძღოლებს ქულები არ აკლდებათ, რაც ძალიან ცუდია. ადამიანები კოლოსალურ თანხებს იხდიან და სიჩქარეს მაინც აჭარბებენ, მაინც ჩქარა დადიან. ანუ პირველი პრობლემა, რაც ქვეყანაში გვიდგას, ეს სიჩქარის გადაჭარბების ფაქტებია.
ასევე მნიშვნელოვანია სასკოლო ზონების მიმართულებაც. ჩვენ გარკვეული წლებია, სხვადასხვა მუნიციპალიტეტთან, დედაქალაქთან, საგზაო დეპარტამენტთან სასკოლო ზონების მიმართულებით ვმუშაობთ, თუმცა, საქართველოში სულ, ალბათ, მსგავსად მოწყობილი 150-მდე სკოლა იქნება. მარტო 150 სკოლა ხომ არ არის? ბევრი მუნიციპალიტეტია, სადაც სკოლებია, 40-50 კილომეტრიანი ზონებია და ავტომობილები ძალიან ჩქარა დადიან. აქედან გამომდინარე, სიჩქარის კონტროლის მენეჯმენტი მთლიანად უნდა იქნეს შესწავლილი და ის საკანონმდებლო ხარვეზები, რაც დღეს არსებობს, გამოსწორებული. ასევე უნდა დაიგეგმოს კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, თუ როგორ მოხდეს ზემოაღნიშნული სტატისტიკის შემცირება”-განაცხადა იზორიამ.