„თუ სასამართლო ჩათვლის, რომ სააკაშვილი დამნაშავეა, ამის შემდეგ იმსჯელებენ ქონების გაყიდვაზე“
პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი კახი კახიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის და მისი ახლო გარემოცვისთვის უძრავ-მოძრავი ქონების დაყადაღებას ეხმაურება. კახი კახიშვილს მიაჩნია, რომ თუ სააკაშვილს მიმართ სასამართლომ მიიჩნია, რომ იგი დამნაშავეა, მაშინ ექსპრეზიდენტის ქონება გაიყიდება. ექსპერტი ამავე ინტერვიუში ყურადღებას ამახვილებს, ექსპრეზიდენტის დედის გიული ალასანიას ქონების დაყადაღების საკითხზე.
„სააკაშვილს ბრალად აქვს წაყენებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარის გაფლანგვა. კანონისათვის მნიშვნელობა არა აქვს, ბრალდებულმა ეს მოპარული ფული რესტორნებში დახარჯა თუ სახლში წაიღო და სეიფში ჩაკეტა. აქ მთავარია, რომ სახელმწიფოს მიადგა ზიანი და გამოძიებამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ქონება, რომლითაც, ბრალდებულისათვის დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურება უნდა მოხდეს, წინასწარ დაყადაღდეს, რათა მისი გასხვისება არ მოხდეს! დაყადაღება ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ეს ქონება აუცილებლად გაიყიდება! თუ სასამართლო ჩათვლის, რომ ბრალდებული, ამ შემთხვევაში სააკაშვილი, ნამდვილად არის დამნაშავე და მან მატერიალური ზიანი მიაყენა სახელმწიფოს, მხოლოდ ამის შემდეგ იმსჯელებენ დაყადაღებული ქონების წარმომავლობაზე და მის გაყიდვაზე! ივანიშვილმა საკუთარი ქონება ხელისუფლებაში მოსვლამდე, წარმატებული ბიზნესის შედეგად დააგროვა! ასე რომ ბიზნესმენ ივანიშვილისა და ყოფილი სახელმწიფო მოხელის სააკაშვილის ქონების ერძმანეთთან შედარება აბსოლუტურად ალოგიკურია! თავად სააკაშვილსაც კარგად ესმის, რომ ეს აბსურდია, მაგრამ დემაგოგობს და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას ცდილობს! თუ დედამისის წილი უნივერსიტეტში სააკაშვილის პრეზიდენტობას არ უკავშირდებოდა, მაშინ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ რატომ გაჩერდა გიული ალასანიას უნივერსიტეტის მშენებლობა აეროპორტის გზაზე, მაშინ, როცა ეს მშენებლობა სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა? ეს ხომ არ ბადებს ეჭვს, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს დედამისის კერძო უნივერსიტეტის მშენებლობა სახლმწიფო ფულით ხდებოდა?!“, – განუცხადა კახიშვილმა „ასავალ-დასავალს“.