„ძალიან მიქარა გედევან ფოფხაძემ, რომ ღვინიაშვილს ბოდიში მოუხადა!“
გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის მამა საპარლამენტო უმრავლესობის წევრს გედევან ფოფხაძეს დეპუტატად აღარ მიიჩნევს – ამის შესახებ სოსო რობაქიძე გაზეთ -ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში საუბრობს.
„ძალიან მიქარა გედევან ფოფხაძემ, რომ ღვინიაშვილს ბოდიში მოუხადა! ამის მერე პირადად მე ფოფხაძეს დეპუტატად არ ვცნობ და არ შეიძლება ასეთი კაცი პარლამენტში იჯდეს! ღვინიაშვილს ძალიან დიდი ხანია, აქეთ აქვს ბოდიში მოსახდელი და ესენი იქით ებოდიშებიან! მეტის ღირსია „ქართული ოცნება“ „ნაციონალებისგან“, ამ კრიმინალებს ასე რომ „აპარპაშებს“ – აცხადებს სოსო რობაქიძე.
ამასთან, სოსო რობაქიძე ინტერვიუში შვილის მკვლელობის საქმეს იხსენებს და აცხადებს, რომ გიორგი ღვინიაშვილი სწორედ ის კაცია, რომელმაც ბუტა რობაქიძის საქმე თავიდან ბოლომდე გააყალბა.
„ღვინიაშვილი ის კაცია, რომელმაც თავიდან ბოლომდე გააყალბა ბუტას საქმე! ღვინიაშვილი ის კაცია, რომელიც უშუალოდ ახორციელებდა ზეწოლას ბუტას მეგობარ ლევან დანგაძეზე და აძალებდა, პოლიციის მიერ ჩადებული იარაღი თავის თავზე აეღო! როცა ლევან დანგაძე ამას არ დათანხმდა, იგი ღვინიაშვილის კაბინეტში სცემეს! ლევან დანგაძემ ამის შესახებ პროკურატურას ხელახალი გამოძიებისას ჩვენება მისცა, მაგრამ ჯერჯერობით არავინ რეაგირებს! ამასობაში კი ღვინიაშვილისნაირი კრიმინალი „ნაციონალები“ პარლამენტიდან გვმოძღვრავენ და თითს გვიქნევენ!“ – აცხადებს სოსო რობაქიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.