ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია (ფოტო)

ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. კონტინენტის პირველობის მეორე დღეს ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ჩემპიონობა იზეიმა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში ნიდერლანდელი ფრანკ დე ვიტი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.

ფინალურ შეხვედრამდე სპორტსმენმა ფრანგ ალფა ოუმარ ჯალოს, სერბ ისლამ სოგენოვს და უნგრელ ატილა უნგვარს სძლია. ნახევარფინალში მან იტალიელი ანტონიო ესპოზიტო დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონის ტიტული ქართველმა ძიუდოისტმა კარიერაში მესამედ მოიპოვა. ოქროს მედლები მან 2020 და 2022 წლებში, ვერცხლი კი 2023 წელს დაისაკუთრა.

ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია ესწრება.

მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი ვაჟა მარგველაშვილმა, ბრინჯაოს მედლები კი ლაშა შავდათუაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვეს.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს მონპელიეში გამართული ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა ოთხი ვერცხლის მედლით დაასრულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები