თორნიკე შარაშენიძე: სიმართლე ვთქვათ, ეს კანონი მართლა არ არის რუსული, მაგრამ ამერიკა და ევროპა ერთხმად მოგვიწოდებენ – არ მივიღოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ დავშორდებით დასავლეთს
ანალიტიკოსი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი თორნიკე შარაშენიძე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით ქვეყანაში განვითარებულ პროცესებს გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აფასებს.
“მას შემდეგ, რაც “ოცნებამ” კანონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” დააინიცირა, უფრო სწორად, ძველი ე.წ. აგენტების კანონი შემოაბრუნა, სულ ვფიქრობ და ლოგიკა ვერ დავინახე. ალბათ, ცოტა ხანში გამოჩნდება, რის გამო მიიყვანეს ქვეყანა აქამდე. მთავარია, სისხლი არ დაიღვაროს, ამის ძალიან მეშინია. ამჯერად ყველაფერი გაცილებით რთულად არის. ახლა ქუჩაში ახალგაზრდობა დგას და ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ესენი უკან არ დაიხევენ.
სიმართლე ვთქვათ, ეს კანონი მართლა არ არის რუსული, მაგრამ ამერიკა და ევროპა ერთხმად მოგვიწოდებენ არ მივიღოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ დავშორდებით დასავლეთს. ჯერ ერთი, ახალგაზრდებს დასავლეთი უნდათ, მეორე – შარშან შეჰპირდნენ, რომ ამ კანონს აღარ შემოიტანდნენ. ეს თაობა გადაგდებას არ ეგუება! მესამე – მდინარაძე ახალგაზრდებისთვის ავტორიტეტი არ არის. საზოგადოდ, ახალგაზრდებს არ მოსწონთ პოლიტიკოსები. როგორც ჩანს, ხელისუფლებას პრინციპულად აქვს გადაწყვეტილი კანონის მიღება, ახალგაზრდებსაც პრინციპულად აქვთ გადაწყვეტილი, რომ არ გაჩერდნენ.
ელემენტარული განათლებაა საჭირო იმის მისახვედრად, რომ ქვეყნის სუვერენულობა ევროკავშირისთვის ანგარიშის არგაწევას არ ნიშნავს. რუსეთთან მარტო დარჩენილი საქართველოს სუვერენიტეტი ძალიან მყიფეა. ჩვენ რომ ძლიერი თავდაცვისა და მდიდარი ეკონომიკის მქონე ქვეყანა ვიყოთ, დასავლელი პარტნიორების წინაშე “ოცნების” ბაქიბუქი გასაგები იქნებოდა, მაგრამ დღემდე სული სწორედ ევროპული და ამერიკული ფულით რომ გიდგას, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება ამ ხალხს უცხოური გავლენის აგენტები ეძახო და მით უფრო, რევოლუციის მოწყობის ცდაში დაადანაშაულო. ხელისუფლების ქმედებაში ერთი ლოგიკა ნამდვილად არის – ორი წლის წინ საპროტესტო აქციებზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იდგნენ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც აქვთ უფლება საკუთარი პოზიცია ჰქონდეთ, მაგრამ მიტინგებზე დგომა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნა არასწორია. თუმცა მმართველ გუნდს ეს არ ამართლებს, მაშინ როდესაც ევროინტეგრაციის შანსი გაქვს, პარტნიორებთან ასეთი ტონით საუბარი არაგონივრულია. ხელისუფლების მოქმედებას ახსნა არ მოეძებნება, გარდა იმისა, რომ “ოცნებას” რუსეთის ეშინია. “ოცნება” ფიქრობს, ადრე თუ გვიან, ხალხი დაიღლება, პარლამენტსა და კანცელარიას მაინც ვერ აიღებენ შტურმით და სხვა რა გზა ექნებათო. ასეთი პრეცედენტები ნამდვილად არსებობს, მაგრამ არა მგონია, ახლა ეს მოხდეს. ხალხს ყელში ამოუვიდა ყველაფერი. ბევრი რამ დაგროვდა… პროცესი შეუქცევადია და აღარ გაჩერდება. თუ “ოცნება” გონს არ მოეგება, კარგს ვერაფერს მივიღებთ. ჩვენ გვაქვს ამის ძალიან ცუდი გამოცდილება, გახლეჩილობის, რომელიც 1992 წლიდან გაჩნდა და დღემდე ვერ მოვიშორეთ, ისევ არის სამოქალაქო ომის გამოძახილი. ჯერ იყვნენ ზვიადისტები და ანტიზვიადისტები, მერე მიშისტები და ანტიმიშისტები, ახლა “ნაცები” და “ქოცები”. ეს ორი დაპირისპირებული ბანაკი ერთმანეთს მოსისხლე მტრებად განიხილავს, რაც ქვეყნისთვის ტრაგედიაა. “ოცნებამ” კანონი რომ გაიწვიოს, გაჩერდება პროტესტი? არ ვიცი. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტორია – როგორც წესი, ახალგაზრდები არჩევნებზე არ დადიან, მათი პასიურობა მმართველი პარტიისთვის ყოველთვის დიდი შეღავათი იყო. ახლა, ალბათ, მივლენ ეს ახალგაზრდები არჩევნებზე, მაგრამ ვის უნდა მისცენ ხმა? მესამე ძალა უნდა გამოჩნდეს. “ნაციონალების” მიღმა რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ რაღაც უნდა მოიმოქმედოს. იმედია, 2024 წლის პარლამენტში სამი ოპოზიციური პარტია მაინც მოხვდება”,- განაცხადა შარაშენიძემ.