ადვოკატის მტკიცებით, ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულმა დღეს გაიგო, რომ ქალი გარდაცვლილია

ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი კავლელაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა. 

კავლელაშვილის ადვოკატის, გიორგი მდინარაძის მტკიცებით, ბრალდებულმა თავისი მეუღლის დაღუპვის შესახებ დღეს გაიგო და მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია.

“ბრალდებულის პოზიცია პროკურატურის შუამდგომლობასთან დაკავშირებით არ იყო საწინააღმდეგო. დღეს გაიგო მან, რომ მისი მეუღლე არის გარდაცვლილი და ჩავარდა ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაში, იძახდა, რომ პასუხი უნდა ვაგოო… დანაშაული ახლა შეიძლება, მან აღიაროს, მაგრამ მხოლოდ მისი სიტყვები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ეს დანაშაული შეერაცხოს. ამისთვის საჭიროა ექსპერტიზა. მისი მონაყოლიდან გამომდინარე, იკვეთება, რომ რაღაცებს ვერ აცნობიერებდა და ვერ იხსენებს დეტალებს, ვერც მოტივზე საუბრობს,” – განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, ახალგაზრდა კაცმა მძინარე ცოლს დანით სასიკვდილო ჭრილობები ორი დღის წინ მიაყენა. სახლში იყო მათი რამდენიმე თვის შვილიც. 27 წლის ქალი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. ცოლის დაჭრის შემდეგ, ბრალდებულმა თვითდაზიანებები მიიყენა. მამაკაცი  კლინიკაში რჩება და მკურნალობას ბადრაგების მეთვალყურეობის ქვეშ განაგრძობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები