“უშიშროების საბჭოს სხდომას პრეზიდენტი მართავდა და გადაწყვეტილებას უშუალოდ პრეზიდენტი იღებდა” – ნოღაიდელი გარეჯის საქმეზე დაიკითხა
“ჩვენი აუცილებელი მოთხოვნა იყო და არის, დავით გარეჯის მთლიანი კომპლექსი საქართველოს ტერიტორიაზე დარჩენილიყო. კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ, ჩვენს ხელთ არსებული ყველა დოკუმენტით, სამწუხაროდ, კომპლექსის ნაწილი აზერბაიჯანის მხარეს რჩებაო”, – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით გარეჯის საქმეზე ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა.
კითხვაზე, 2006 წელს ბევრი მონაკვეთი შეთანხმდა საქართველოს საწინააღმდეგოდ, ეს ფაქტი თუ იყო მისთვის ცნობილი, ყოფილმა პრემიერმა უპასუხა, რომ მხოლოდ დაკითხვის დროს გაიგო.
„როცა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილეს საკითხი ჩემი თანდასწრებით, იქ დაისვა საკითხი, თუ იყო შანსი, დავით გარეჯის ის ნაწილი, რომელზეც იყო მუდმივად საუბარი საქართველოს შემადგენლობაში დარჩენილიყო, მაშინ კომისიის თავმჯდომარემ (მალხაზ მიქელაძემ) თქვა, რომ ნაწილი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რჩებოდა. კომისიის თავმჯდომარის პოზიცია იყო ძალიან მკაფიო. ჩვენი ამოცანა გახდა, მონასტერი შენარჩუნებულიყო, როგორც ქართული მონასტერი… უშიშროების საბჭოს სხდომას პრეზიდენტი მართავდა და გადაწყვეტილებას უშუალოდ პრეზიდენტი იღებდა.
მხოლოდ დაკითხვის დროს გავიგე, რომ ეს შეთანხმება ყოფილა. ეს არ იყო ჩემი კომპეტენცია, მე არ ვიხილავდი, ამ საკითხის შეთანხმება ჩემთან საჭირო არ იყო, ეს კონსტიტუციურად იყო პრეზიდენტის კომპეტენცია.
ჩვენი აუცილებელი მოთხოვნა იყო და არის, დავით გარეჯის მთლიანი კომპლექსი საქართველოს ტერიტორიაზე დარჩენილიყო. კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ, ჩვენს ხელთ არსებული ყველა დოკუმენტით, სამწუხაროდ, კომპლექსის ნაწილი აზერბაიჯანის მხარეს რჩებაო”, – განაცხადა ნოღაიდელმა.
ცნობისთვის, დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი – ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი – ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდაა, თუმცა მოგვიანებით ისინი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მელაშვილი და ილიჩოვა წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.