მოსამართლე: მიხეილ სააკაშვილს განემარტა, რომ განცხადების გაკეთებისას საქმის ფარგლებს არ უნდა გასცდენოდა, ის პოლიტიკურ მიმომხილველად არავის მოუწვევია, ბრალდებულის სტატუსი აქვს

საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ე.წ პიჯაკების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა განმარტა, რატომ შეაწყვეტინეს ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს სიტყვით გამოსვლა.

მოსამართლის თქმით, სხვა სხდომების მსგავსად, მიხეილ სააკაშვილს დღესაც მიეცა განცხადების გაკეთების შესაძლებლობა. მისივე თქმით, განცხადების გაკეთების საწყის ეტაპზევე სააკაშვილს განმარტება, რომ საქმის ფარგლებს არ უნდა გასცდენოდა, თუმცა, მიხეილ სააკაშვილი არ დაემორჩილა მოსამართლის მოწოდებას.

„მას არ უთქვამს, ვასრულებ გამოსვლასო, გავთიშეთ, რადგან სხვა შესაძლებლობა არ არის. დარბაზში რომ ყოფილიყო, გაგრძელდებოდა ჩვეულებრივად. ის არ დაექვემდებარა მოსამართლის არაერთგზის მოწოდებას, რომ შეეწყვიტა საუბარი და დაესრულებინა. ეს არის განცხადება და არა პოლიტიკური ამბების მიმოხილვა. ბრალდებულს ყველა სასამართლო სხდომის მსგავსად, დღესაც მიეცა განცხადების გაკეთების შესაძლებლობა, სასამართლო მას 13-14 წუთი უსმენდა, ამ ხნის განმავლობაში, განცხადების გაკეთების საწყის ეტაპზევე მიეცა განმარტება, რომ საქმის ფარგლებს არ უნდა გასცდენოდა და წარდგენილი ბრალდების გარშემო ესაუბრა, თუმცა მას თავიდანვე ჰქონდა განწყობა, რომ ყველაფერი, რაც მსოფლიოში ხდება, განსახილველ საქმეს ეხება, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.

აქედან გამომდინარე, მას არაერთგზის მიეცა მითითება, რომ დაესრულებინა ან შეეცვალა საუბარი, განსახილველი საქმის ფარგლებში მოექცია, თუმცა, ის არ დაემორჩილა მოსამართლის მოწოდებას. სასამართლოს აქვს უფლება, შეაჩეროს ბრალდებული, როცა ის გასცდება იმ საკითხებს, რაც განსახილველ საქმეს ეხება. თქვენ გაქვთ პოზიცია, რომ ბრალდებულს შეუძლია, ისაუბროს უსასრულოდ? ვისაუბროთ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობის საკითხზეც? პოლიტიკური მდგენელი თუ აქვს ამ საქმეს, ისევ ამ საქმის ფარგლებში ეტევა საუბარი და მას შეუძლია, ისაუბროს, ამის თაობაზე არ შეგვიზღუდავს, მაგრამ თუ ის ეხება გლობალურ პოლიტიკურ საკითხებს, ის პოლიტიკურ მიმომხილველად არავის მოუწვევია, მას აქვს ბრალდებულის სტატუსი“, – განმარტა მოსამართლემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები