ვისკის წყალობით გადარჩენილი მგზავრი და გემები, რომლებიც „ტიტანიკს“ არ დაეხმარნენ
„ტიტანიკზე“ იმდენი საინტერესო ამბავია მომხდარი, ათას წიგნს ეყოფა დასაწერად, თითქოს ვიღაცის ხელმა საგანგებოდ შეკრიბა ეს ხალხი საუთჰემპტონის პორტში.
გადარჩენილი ბავშვებისა და მერე მათი უცნაური სიკვდილის ამბები ხომ ცნობილია… და ერთი საინტერესო ისტორია ბრიტანელ შეფმზარეულს, ჩარლს ჯოკინსაც გადახდა.
როდესაც გემი აისბერგს შეეჯახა, ჯოკინმა თავისი კუთვნილი ადგილი ნავში დაბალი კლასის მგზავრს, ელიზაბეტ გლეიდის დინს დაუთმო.მერე ადგა და იმ 2 საათსა და 40 წუთში, სანამ გემი იძირებოდა, მარტომ, 1500-მდე შეზლონგი წყალში გადაყარა, რათა ხალხს საშუალება მისცემოდა, თავი გადაერჩინა. თვითონ სამზარეულოში დაბრუნდა და ერთი ბოთლი ირლანდიური ვისკი სულმოუთქმელად ჩაცალა, რათა სიკვდილს მხნედ შეხვედროდა.
„ტიტანიკთან“ ახლოს ამ დროს 3 გემი მიცურავდა: “სამფსონი”, “კალიფორნია” და “კარპატია”.
სამფსონი ვეშაპებზე ნადირობდა და SOS სიგნალს არ გამოეხმაურა, რადგან არალეგალურად თევზაობდნენ. მათ დაინახეს თეთრი ნათება, უბედურების ნიშანი, მაგრამ შუქები ჩააქრეს და გაიპარნენ. ისინი „ტიტანიკისგან“ 11 კილომეტრში იყვნენ.
მეორე გემი „კალიფორნია“ იყო, რომლის კაპიტანმაც ასევე დაინახა განგაშის სიგნალი, მაგრამ რაკი ყინულიან წყალში მიცურავდა, საჭიროდ არ ჩათვალა ზედმეტი რისკი და დაიძინა. ის 18 კილომეტრში იყო.
მხოლოდ „კარპატიას“ კაპიტანმა გადაწყვიტა დახმარება. ის 95 კილომეტრში იყო უბედურების ადგილიდან და 3.5 საათი დასჭირდა 705 სიცოცხლის გადასარჩენად.
ჰოდა, ჯოკინმა რომ სხვების სიცოცხლისთვის თავი გადადო, მოხდა ისე, რომ თავად გადარჩა და ვის დახმარებასაც ცდილობდა, მათი უმეტესობა გაიყინა.
რაკი ვისკი სისხლძარღვებს ავიწროებს და სისხლის მიმოქცევის სტაბილიზაციას უწყობს ხელს, გაყინულ წყალში მოცურავე შეზარხოშებული ჯოკინი გადარჩა. მეტიც, 78 წლამდე იცოცხლა და კიდევ მსახურობდა სხვა გემზე.
მოამზადა გურამ მეგრელიშვილმა