მიანმარში სამხედროებმა სოფელი დაბომბეს, რასაც 100-მდე ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბევრი ბავშვია

მიანმარის სამხედროების მიერ ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე, სიკაინის რეგიონის სოფლის საჰაერო თავდასხმის შედეგად, 100-მდე ადგილობრივი დაიღუპა, 30-მდე დაშავდა.

ამის შესახებ Associated Press-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.

მათი თქმით, იერიში ხელისუფლების ოპონენტების მიერ ორგანიზებული ცერემონიის მონაწილეების წინააღმდეგ იქნა მიტანილი.

აღნიშნულია,რომ დაღუპულთა შორის ბევრი ბავშვია.

თვითმხილველები აცხადებენ, რომ თვითმფრინავმა ბომბები ოპოზიციური მოძრაობის ადგილობრივი ოფისის გახსნაზე შეკრებილ ხალხზე ჩამოაგდო.

მათივე თქმით, ცერემონიაზე 150-მდე ადამიანი შეიკრიბა. დაღუპულთა შორის არიან ქალები, ასევე, 20-დან 30-მდე ბავშვი.

უცხოური და ოპოზიციური მედია პერიოდულად წერს, რომ მიანმარის ხელისუფლება მოსახლეობის წინააღმდეგ ბომბებს იყენებს.

მაგალითად, გამოცემა The Irrawaddy წერდა, რომ წლის დასაწყისიდან სამხედროებმა სიკაინის რეგიონში, ასევე, კარენის, კაჩინისა და ჩინის შტატებში, როგორც სამოქალაქო, ასევე წინააღმდეგობის ობიექტებზე საჰაერო დარტყმები გაახშირეს.

ვითარების ესკალაცია მას შემდეგ მოხდა, რაც ეთნიკურმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა საახალწლო გამოსვლებში პირობა დადეს, რომ 2023 წელს სამხედროებს დაამხობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები